ოკუპაცია

აშშ-ს მოქალაქე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დააკავეს

ოსური მედიის ცნობით, აშშ-ის მოქალაქე, ჯექსონ პოლ კრამერი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დააკავეს. ამის შესახებ კრამერმა ოს ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისივე თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა ის საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს სოფელ ერმანთან.

კრამერის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით სამხრეთ კავკასიის მთავარი ქედის გასწვრივ მოგზაურობა. როგორ თავად ამბობს, მან არ იცოდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის არსებობა და არც  ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ ჰქონია ინფორმაცია.

"მსურდა საქართველოდან შავ ზღვაზე ჩასვლა, თუმცა, ბოდიშს ვიხდი, რადგან არ ვიცოდი თქვენი სახელმწიფოს არსებობის შესახებ და მსგავს მდგომარეობაში ჩავვარდი. მესაზღვრეებმა დამაპატიმრეს და აქ მომიყვანეს“. - თქვა კრამერმა.

მისივე თქმით, გასაგები მიზეზების გამო მოგზაურობის გაგრძელებას ვერ შეძლებდა, თუმცა "მას მოეწონა თავგადასავალი" და მომავალში დე ფაქტო რესპუბლიკაში სამართლებრივი გზით ჩამოსვლასაც ისურვებდა.

"კავკასიონის მთები დიდი ხანია მიზიდავს, ყოველთვის მაინტერესებდა აქაური კულტურა, ისტორია, ამიტომ გადავწყვიტე ჩამოსვლა. კავკასიონის მთები ძალიან ლამაზია". - თქვა კრამერმა. მან ასევე თქვა, რომ აშშ-ში დაბრუნებას სექტემბრის შუა რიცხვებში გეგმავს.

ამასთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნისას კრამერი ცხინვალის მუზეუმში და მე-5 სკოლასთან არსებულ სასაფლაოზე წაიყვანეს - ოსური მედია მათ საქართველოს აგრესიის მსხვერპლებად მოიხსენიებს. 

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, კრამერს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რის შემდეგაც  ქართულ მხარეს გადასცემენ.

გარდა ამისა, კგბ-მ მოცემულ ინციდენტში ქართული და ამერიკული მხარეები დაადანაშაულა, ვინაიდან არ აღიარებენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის არსებობას და საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს არ აწვდიან შესაბამის ინფორმაციას. 

კომენტარები