ოკუპაცია

TASS: პუტინმა სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ პროექტს მხარი დაუჭირა

ვლადიმირ პუტინი
https://nversia.ru/

რუსულ მედიაზე დაყრდნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობისა და მათთვის რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული პროცედურის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.

დოკუმენტის თანახმად, ერთი სახელმწიფოს მოქალაქეებს მეორე სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ არსებული მოქალაქეობის გაუქმების გარეშე. ამასთან ერთად, რუსეთი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უფრო მარტივი გზით მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა.

"მიღებულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადება შესაბამის აღმასრულებელ ფედერალურ უწყებებთან შეთანხმებით რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ორმაგ მოქალაქეობას. მიღებულია შეთანხმების პროექტი, რომელიც უკვე განხილული არის სამხრეთ ოსეთის მხარესთან და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აძლევს მცირედი ცვლილებების საშუალებას". – ვკითხულობთ დოკუმენტში.

შეთანხმებას სჭირდება რატიფიცირება და ძალაში შევა რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან, იმოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გახანგრძლივდება მომდევნო ხუთი წლით. 

კომენტარები