ოკუპაცია

სუს-ი: გადმოვიყვანეთ აშშ-ს მოქალაქე, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს

სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ჯავის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯექსონ პოლ კრამერი თავისუფალია.

"რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ ამერიკის მოქალაქე, რომელიც ტურისტული მიზნით იმყოფება საქართველოში და უკანონოდ იქნა დაკავებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ.

დაკავების მომენტიდანვე გააქტიურდა ცხელი ხაზი, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ამოქმედდა ყველა არსებული ბერკეტი და საშუალება, იმისთვის, რომ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე გადმოგვეყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და დროულად მომხდარიყო მისი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლება“.- თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.

გათავისუფლების შემდეგ აშშ-ის ქმოალაქემ, ჯექსონ პოლ კრამერმა თქვა, რომ მან არ იცოდა საზღვრის გადაკვეთის შესახებ.

"მე გადავკვეთე საზღვარი, არ ვიცოდი ამის შესახებ, ვითარებიდან გამომდინარე, დავბრუნდი. ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ციხეში ვიყავი ეს დრო. მერე გამათავისუფლეს. კავკასიის რეგიონის მიმდებარედ ლაშქრობას ვგეგმავდი, შავი ზღვის მიმართულებით და ხელი შემეშალა ამაში საზღვარზე”.- გათავისუფლების შემდეგ თქვა აშშ-ის ქმოალაქემ.

აშშ-ის მოქალაქე, ჯექსონ პოლ კრამერი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დააკავეს. მისივე თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა ის საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს სოფელ ერმანთან. 

კომენტარები