არჩევნები 2021

ქემოკლიძე: გახარიამ კალაძესთან შეხვედრა კი არა, კობახიძე-მდინარაძის ნარატივი უარყო

"გიორგი გახარიამ უარყო არა კახა კალაძესთან შეხვედრის ფაქტი, არამედ ის ნარატივი, რომელიც ბატონმა კობახიძემ და მდინარაძემ იკადრეს, ამ ნარატივის გაჟღერება", – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა. მან დაადასტურა კახა კალაძის და გიორგი გახარიას შეხვედრა.

"შეხვედრა შედგა დღისით, მზისით, ქალაქ თბილისის მერიაში და შესაბამისად, თუკი რამე, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ყოფილიყო დასამალი, როგორ წარმოგიდგენიათ, ბატონი გახარია თბილისის მერიაში მივიდოდა კალაძესთან შესახვედრად, სადაც შესასვლელში და ყველა სართულზე მგონი, 18 კამერაზე ნაკლები არსად არ არის დაყენებული? ეს იყო ღირსეული პოლიტიკოსის, ღირსეული ადამიანის საქციელი იმ ადამიანთან ურთიერთობაში, რომელსაც პატივს სცემდა, პატივს სცემს და ჩემი აზრით, ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ქართულ პოლიტიკას ძალიან აკლდა. კარგია, რომ ეს სტანდარტი ვიღაცამ დააწესა“, – განაცხადა ქემოკლიძემ და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ "კითხვის პათოსიდან გამომდინარე" უპასუხა ჟურნალისტებს.

"ჩემი აზრით, ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბატონ გახარიას, რომ ბატონი მდინარაძე და კობახიძე იძახიან ამას, რომ ფულთან დაკავშირებით იყო საკითხი, რომელიც არის ცრუ ნარატივი. ეს ადამიანები დღეს ერთს იძახიან, ჩვენ ამაზე აღარ ვრეაგირებთ, მათი სიტყვის ფასი არის ნული ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მინუსებშია წასული. ამიტომ, მათ კონკრეტულ კომენტარებზე დროის დაკარგვა არის ფუჭი საქციელი და ჩემი აზრით, გიორგი გახარიამ კითხვის პათოსი, რა კუთხითაც იყო დასმული, იმ კუთხით უპასუხა. რაც შეეხება შეხვედრას, არაფერი დასამალი არ არის. აქ არის ძალიან ადამიანური მომენტი“, – თქვა ქემოკლიძემ.

კითხვაზე, თავად გიორგი გახარიამ რატომ არ ისურვა კახა კალაძესთან შეხვედრის შესახებ საუბარი, ქემოკლიძე ამბობს, რომ "სუბიექტურად, ბატონ გახარიას უნდა ჰკითხოთ, იმ მომენტში, რატომ არ მოისურვა ამ ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე, თუ კითხვას დავავიწროვებთ მაგ დონეზე".

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გიორგი გახარიასგან "იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე".

"იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ მგონი კეზერაშვილში ვეშლებით, რაც ასე ნამდვილად არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენი პასუხი იყო ამასთან დაკავშირებით შესაბამისი. ამის შემდეგ იყო არაერთგზის, მისწერა მესიჯი, ურეკავდა კახა კალაძეს გახარია გუშინდელი დღის განმავლობაში და წერდა, თუ დაუკავშირდებოდა, სადაც უნდოდა, იქ შეხვდებოდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და დღეს შედგა ასეთი შეხვედრა კახა კალაძესა და გახარიას შორის. ერთადერთი თემა საუბრის იყო ის, რომ გახარია, მისი თქმით, აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და არ უნდოდა, რომ კახა კალაძეს ეს გაეგო ტელევიზიის მეშვეობით, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის ეს არ იყო საინტერესო და ის ყველა შემთხვევაში მოიგებდა არჩევნებს პირველ ტურში. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ საუბრის შინაარსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავად გიორგი გახარიამ კახა კალაძესთან შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე თქვა, რომ "ტყუილია, ტყუილებს ყვება. არა, არა, ეს ტყუილია, რა თქმა უნდა. მატყუარა ხალხზე კომენტარს რატომ მაკეთებინებთ. ყველაფერს აკეთებენ, რომ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების". ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მან კახა კალაძესთან შეხვედრაც უარყო.

კომენტარები