შარლ მიშელის დოკუმენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს. ამის შესახებ ოპოზიციის მერობის კანდიდატმა და ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მან მთავარ მიზეზად ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე ქართული ოცნების უარი დაასახელა. ნიკა მელიას თქმით, ენმ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით აცხადებს მზაობას და ხაზს უსვამს რწმენას, რომ პროდასავლურმა ოპოზიციამ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში გაიმარჯვოს.

"ჩვენ შესაძლოა არ მოგვწონდა 19 აპრილის შეთახმება და ეს არც არასოდეს დაგვიმალავს. და რატომ არ მოგვწონდა? რადგან არ გვჯეროდა. არ გვჯეროდა, რომ რამე სერიოზულ რეფორმას განახორციელებს ოლიგარქი ივანიშვილი, არ მოგვწონდა ამნისტიის უსამართლო კანონი და ა.შ.

სამწუხაროდ, ბევრ რამეში მართლები აღმოვჩნდით - იმის ჩათვლით, რომ ქართული ოცნება არ აპირებდა თავისი ხელმოწერის პატივისცემას და ეს მხოლოდ დაძაბულობის დროებითი ჩაცხრობა იყო და არა კრიზისიდან გამოსავალი. მაგრამ ახლა ყველა დეტალი მნიშვნელობას კარგავს და ფერმკრთალდება მთავარ სათქმელთან შედარებით.

ბოლო დღეების მოვლენები, ევროკავშირის დახმარებაზე უარი - ყველაფერს თავის სახელს არქმევს. მე მინდა აგიხსნათ, რომ 300 მილიონ ლარზე ანუ 75 მილიონ ევროზე მნიშვნელოვანი ამის უკან ჩამალული პოლიტიკური განაცხადია. არაფერ შუაშია საგარეო ვალზე შეთხზული ტყუილები, საერთოდ არაფერ შუაშია, რაც ღარიბაშვილმა და კობახიძემ თქვეს. 

აქ მთავარი პოლიტიკური განაცხადია, მეგობრებო და რა არის ქართული ოცნების მთავარი პოლიტიკური განაცხადი? - არაფრის ფასად აღარ გვინდა ევროპული რეფორმები, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნა უფრო წინაა, ვიდრე დასავლეთთან ურთიერთობაო - ესაა ღია განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე, სწორედ ეს ბოლო განცხადებები, რომ დახმარებას არ იღებენ თურმე, რაც ევროპული გზიდან გადახვევის საბოლოო და ყველასათვის ნათელი მტკიცებულებაა, გახდა ბიძგი, რამაც გადაგვაწყვეტინა, გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს და შეგვკრავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი. 

მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში ჩვენთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც, აქამდე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია ამ შეთანხმებისთვის, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში ვალდებული ვართ, დავდგეთ საკუთარ მოსაზრებებსა და წინააღმდეგობებზე მაღლა და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის შეთანხმებას.

ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში.

ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს ქართული ოცნების ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო  ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს. ასე უფრო გავიმარჯვებთ და შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს, იყოს დასავლური ოჯახის წევრი. გავიმარჯვებთ და ავაშენებთ განვითარებულ, მდიდარ, დემოკრატიულ საქართველოს" - განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, "ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, ჩვენ გვინდა ნათლად და ცალსახად განვაცხადოთ, რომ არ მივცემთ უფლებას ქართულ ოცნებას, გაექცეს საკუთარ ხელმოწერილ ვალდებულებას 43-პროცენტიანი ბარიერის ვერგადალახვის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ".

"ხალხთან ერთად, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად, სხვა პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ჩვენ სხვა გამოსავალს არ დავუტოვებთ ივანიშვილს - გარდა რიგგარეშე არჩევნებისა. დიახ, 2 ოქტომბერი რეფერენდუმი იქნება. დიახ, ოცნება მარცხდება ამ რეფერენდუმში, დიახ, მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხში ერთად ვართ. დიახ, დასავლეთი ჩვენ გვერდზე დგას და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენი ხელმოწერით დავადასტუროთ, რომ ერთი თვის თავზე ჩვენ რეფერენდუმზე გავდივართ და 43%-იანი ბარიერი იქნება ის განაჩენი, რომელსაც ქართველი ხალხი გამოუტანს ხელისუფლებას" - განაცხადა ნიკა მელიამ.


ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტმა "თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა".

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა ევროპულმა საქართველონ, ლეიბორისტულმა პარტიამ, პარტიამ - კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრმა და ამჟამად დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. შეთანხმებას ხელს აქამდე არ აწერდა ენმ, თუმცა, დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით დოკუმენტს ხელი თავიდანვე მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ

კომენტარები