ვაშლიჯვრის მეწყერი

მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა ხვალ, 26 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან აღდგება

მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა ხვალ, 26 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან აღდგება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ზე, ვიდეომიმართვისას თქვა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით,  უკვე დასრულდა მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მთავარი ნაწილიც.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამაგრებითი სამუშაოები, რათა აქ გადაადგილება უსაფრთხო ყოფილიყო. მეწყერულ ზონებთან დაკავშირებული, მსოფლიოში არსებული ყველა მაღალი დონის ტექნოლოგია იქნა გამოყენებული. რაც მთავარია, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხოა. ხვალ საღამოდან გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი". – ამბობს კალაძე. 


თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყერის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს და ადგილზე ხელოვნური ნაგებობები იმისთვის შენდება, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებდა. 

თბილისის მერიის ცნობით, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოებისთვის არ უშვებდნენ.

უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებიც თბილისის მერიამ პროცესის შესასწავლად მოიწვია, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და საქართველო უკვე დატოვეს, ისინი აპრილის ბოლომდე დისტანციურად იქნებიან პროცესში ჩართულნი. მოწვეული გეოინჟინერის, პეტერ ნიუმანის თქმით, საკითხი კომპლექსურია, გადაჭრის ერთი, კონკრეტული გზა არ არსებობს და, შესაძლოა, ეს იყოს საწყისი ეტაპი მასშტაბური მეწყრის ჩამოყალიბებისა.

25 მარტს ცნობილი გახდა გეგმა, თუ რა სამუშაოების ჩატარებას გეგმავს თბილისის მერია. საწყის ეტაპზე იგეგმება დროებითი წინაღობის გაკეთება, უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა და გარკვეულ უბნებზე მიწის მასის მოჭრა, რის მიზანიც არის ის, რომ ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუბრუნდეს ბუნებრივი მდგომარეობა და ანკერული პრინციპით შეჩერდეს მისი მოძრაობა. გარდა ამისა, კვირის ბოლომდე დამონტაჟდება დამატებითი მონიტორინგის სისტემაც. მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებში 7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

8 აპრილს, თბილის მერმა, კახა კალაძემ თავის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და კომპანია კავკასუს როუდ პროჯექტის ხელმძღვანელთან, პაატა ტრაპაიძესთან ერთად მაჭავარიანის ქუჩის მეწყერზე მიმდინარე საპრევენციო სამუშაოები დაათვალიერა. პაატა ტრაპაიძის თქმით, ამ ეტაპზე გაკეთებულია არხი, რათა ტერიტორიაზე წყალი ნაკლებად ჩავიდეს, ასევე მიმდინარეობს მეწყრის ცემენტაცია, ნაპრალები შევსებულია სპეციალური თიხით და დამონტაჟებულია მონიტორინგის სისტემა, რომლის საშუალებითაც ტერიტორიას 5 წლის განმავლობაში დააკვირდებიან.

კომენტარები