ავღანეთი

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება

აშრაფ ღანი
Reuters

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. ღანიმ ავღანეთი 15 აგვისტოს დატოვა, როცა თალიბანმა დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქალაქში შესვლა დაიწყო. თავდაპირველად, ქვეყნის დატოვების შემდეგ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ქვეყანამ აშრაფ ღანი და მისი ოჯახი ჰუმანიტარული მიზეზებით მიიღო.

15 აგვისტოს Facebook-ით გავრცელებულ პოსტში ღანი წერს, რომ ქვეყნის დატოვების რთული გადაწყვეტილება დედაქალაქში სისხლის ღვრის თავიდან ასარიდებლად მიიღო. თუმცა სხვა ავღანელმა პოლიტიკოსებმა ის ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს.

აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. მას შემდეგ რაც ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

კომენტარები