არჩევნები 2021

პაპუაშვილი: ოპოზიციას არჩევნები არ აინტერესებს, ემზადებიან 3 ოქტომბერს არეულობის დასაწყებად

ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები არა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არამედ არეულობისთვის ემზადებიან.

მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მათ არ აქვთ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამა და არ საუბრობენ მოსახლეობის საჭიროებებზე.

"ოპოზიციის წინასაარჩევნო ტაქტიკას რაც შეეხება, მგონი, ყველა ცხადად ვხედავთ, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებისთვის არ ემზადებიან, ისინი ემზადებიან არევისთვის. მათ ეს ეტყობათ იმაზე, რომ საარჩევნო პროგრამა არ აქვთ წარმოდგენილი, ვხედავთ, რომ საერთოდ არ საუბრობენ იმ საჭიროებებზე, რაც მოსახლეობას აქვს. მეორე, ეს ეტყობათ იმაზე, რომ ჯერ ვერ ასახელებდნენ კანდიდატებს, ვერ პოულობდნენ შესაბამის კანდიდატებს ადგილზე და ბოლოს, ვნახეთ მერობის კანდიდატებად პარტიის ლიდერებისა და ნათესავების წარდგენა, რომლებსაც კავშირი არ აქვთ ამ რეგიონებთან.

შესაბამისად, აქვე ჩანს, რომ მათ ამ არჩევნების მიმართ ინტერესი არ გააჩნიათ, ისინი ემზადებიან არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის, რომ კვლავ არეულობა დაიწყონ". – ამბობს პაპუაშვილი. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

დღეს, 17 აგვისტოს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, დროამ და გირჩი – მეტი თავისუფლებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის 10 მაჟორიტარულ ოლქში შეთანხმებული კანდიდატები წარადგინეს.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები