ენერგეტიკა

ელექტროენერგიის გადასახადის არაზუსტი დარიცხვების გამო, თელასი და თელმიკო დაჯარიმდა 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკ] კომპანია თელმიკო 75 000 ლარით, თელასი კი 50 000 ლარით დააჯარიმა. 

დაჯარიმების მიზეზია ქალაქ თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვები. 

სემეკ-ის განმარტებით, აღნიშნული კომპანიების მიერ მომხმარებლების უფლებების დარღვევის შესახებ საჩივრით კომისიას არაერთმა მოქალაქემ მიმართა. საჩივრები უკავშირდებოდა 2021 წლის ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვის შემთხვევებს. 

თელასსა და თელმიკოს განესაზღვრათ ვადები დარღვევების აღმოსაფხვრელად. ამასთანავე, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, კომპანიებს დაევალათ მოქალაქეებზე ზედმეტად დარიცხული თანხების დაკორექტირება.

"სემეკი მოუწოდებს კომპანიებს, რომ ზედმიწევნით განახორციელონ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, რათა ადგილი აღარ ჰქონდეს მსგავსი ტიპის უხეშ დარღვევებს. დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე". – წერია განცხადებაში. 


2021 წლის პირველი ივლისიდან ქალაქ თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიის ქვითარს არა თელასისგან, არამედ კომპანია თელმიკოსგან იღებს. რეგიონის მოსახლეობა კი ენერგო-პრო ჯორჯიას ნაცვლად, – ეპ ჯორჯიასგან. 

ცვლილება გამოწვეულია ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმით, რომლის მიხედვითაც, კანონით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები. აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა კი ეს საქმიანობა გაიმიჯნა. სწორედ ამიტომ თელასმა და ენერგო პრო ჯორჯიამ დააფუძნეს ახალი კომპანიები, რომლებიც უშუალოდ დენის მიწოდების საქმიანობას განახორციელებენ.

რეფორმამ ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენცია უნდა წაახალისოს. რეფორმის მიხედვით, ახლად შექმნილ კომპანიებს უნივერსალური გამანაწილებლის სტატუსი მიენიჭებათ, რომლებიც ელექტროენერგიას ფიქსირებულ ფასად, დადგენილი ტარიფით მიაწოდებენ მომხმარებლებს.

კომენტარები