ენერგეტიკა

WEG: ახლო პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკულად საქართველოზე მნიშვნელოვანი ზეწოლა არ შეუძლია

David Gray/Reuters

WEG-მა (მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში. ანგარიში მიმოიხილავს შემდეგი საკითხებს: 

  • რუსულ იმპორტზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კუთხით; 
  • ენგურჰესი და აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხები; 
  • რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკაში და სანქციების ზეგავლენა; 
  • ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და მისი გავლენა საქართველოს ენერგომომარაგებაზე. 

კვლევის მიხედვით, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკის კუთხით საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი არ აქვს. ეს ეხება როგორც ენერგიის მიწოდების შეწყვეტას, ისე მიწოდების შეწყვეტის მუქარას და მის გამოყენებას პოლიტიკური შანტაჟისთვის.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მცირეა და ბოლო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების 4%-ს არ აღემატება. ბუნებრივი გაზის წილი 8%-ზე მეტი არ იყო, თუმცა, ბოლო წლებში იმპორტის ზრდა შეინიშნება.

საქართველო გაზს ძირითადად აზერბაიჯანიდან იღებს. ამ ეტაპზე, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ბუნებრივ გაზზე მინიმალურია, აზერბაიჯანი აგრძელებს საქართველოს ჩვეულ რეჟიმში გაზმომარაგებას.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ნავთობპროდუქტების 27.1% რუსეთიდან შემოდის (2020წ). იმპორტის შეფერხების შემთხვევაში, დეფიციტის დაბალანსება სხვა ქვეყნების ხარჯზე არის შესაძლებელი.

"რუსული ენერგეტიკული რესურსების იმპორტის ზრდის თავიდან ასაცილებლად,  საქართველოს საკუთარი გაზსაცავი და ნავთობგადამამუშავებელი საწარმო სჭირდება" - აღნიშნავს WEG.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული რუსული კაპიტალისა და აქტივების მიუხედავად, ენერგეტიკის სექტორი განსაკუთრებულ რეგულირებას ექვემდებარება და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, დაიცვას მოქალაქეები რუსული ბიზნესების სანქციების შესაძლო ზეგავლენისგან. 

"ევროკავშირი გეგმავს, 2022 წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება. ევროკავშირი რუსულ გაზს ნაწილობრივ აზერბაიჯანული გაზით ჩაანაცვლებს. გაზის ტრანზიტი საქართველოს გავლით განხორციელდება და ქვეყანა მეტ იაფ გაზს მიიღებს. ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, უზრუნველყოფილი იყვნენ საიმედო და მდგრადი ენერგიით" - ნათქვამია კვლევაში. 


ანგარიში მომზადებულია მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) მიერ USAID-ის დაფინანსებით. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის. WEG აღნიშნავს, რომ მასალა შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

კომენტარები