ენერგეტიკა

რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები მკვეთრად იზრდება

რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის დაძაბვისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა და ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულებამ 98 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო შვიდი წლის უმაღლესი ნიშნულია. 

ექსპერტების შეფასებით, ნავთობის და სხვა ტიპის ენერგოპროდუქტების გაძვირება ევროპის მასშტაბით მიწოდების პრობლემის გაჩენის შესაძლო რისკებს უკავშირდება, რის გამოც იმპორტიორი კომპანიები ნავთობის მარაგების ზრდას იწყებენ, რაც, თავის მხრივ, მოთხოვნა-მიწოდების გათვალისწინებით, ფასებზე აისახება.
 
აღსანიშნავია, რომ პუტინის განცხადებას საერთაშორისო ბირჟებზე მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა სახის აქციის და ინდექსის გაუფასურება მოჰყვა, მათ შორის ამერიკული კომპანიების აქციების და კრიპტოაქტივებისაც.

პუტინის განცხადებიდან რამდენიმე წუთში მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX) ინდექსის ღირებულება თითქმის 11%-ით შემცირდა, რაც 2014 წლის შემდეგ ინდექსის გაუფასურების ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია. 

რუსული კომპანიების აქციების (RTS) ფიუჩერსები, ანუ მომავალი ფასები 20%-ით შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები მომავალში რუსული აქციების კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას მოელიან და, შესაბამისად, ისინი სარისკო აქტივებში დაბანდებული კაპიტალის ამოღებას და რისკის შემცირებას ცდილობენ. 

18%-ით შემცირდა რუსეთის უმსხვილესი ენერგოკომპანიის, Gazprom-ის აქციების ღირებულებაც, რაც 2008 წლის შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის შემცირების უდიდესი მაჩვენებელია.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, 2022 წელს ნავთობის ღირებულება 100 დოლარს გადააჭარბებს, 2023 წლიდან კი, შესაძლოა, რომ ბარელის ღირებულებამ 110 დოლარსაც მიაღწიოს.

ექსპერტების შეფასებით, უკანასკნელ პერიოდში ნავთობის გაძვირების გამომწვევი მიზეზი რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა და მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით სპარსეთის ყურეში არსებული რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობაა, რაც ნავთობის მიწოდების შეფერხების რისკებს აჩენს. 

"ენერგომოვაჭრეებმა არ იციან, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ან შეძლებს თუ არა ირანი ბირთვული შეთანხმების მიღწევას, მაგრამ არის იმის შანსი, რომ რაღაც ცუდი მოხდეს და ამან საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის მიწოდების პრობლემა და დეფიციტი გამოიწვიოს". – ამბობს OANDA-ს უფროსი ანალიტიკოსი, ედვარდ მოია. 

პანდემიურ პერიოდში ნავთობის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეზღუდული მიწოდებაა, რაც პირდაპირ კავშირშია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC+) გადაწყვეტილებებთან. თუკი გლობალური ეკონომიკის აღდგენის პარალელურად, OPEC-ი ნავთობის მიწოდებას მოთხოვნის შესაბამისად არ გაზრდის, საწვავსა და სხვა სახის ენერგოპროდუქტებზე ფასები, სავარაუდოდ, ზრდას განაგრძობს.

კომენტარები