სიმბოლიკის დაცვის კანონი

პარტნიორი ქვეყნის სიმბოლიკის დაზიანებისთვის პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება

პარლამენტმა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებაზე სანქციები დააწესა. ადამიანის უფლებათა  დაცვის კომიტეტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგინდება. 

კანონპროექტის შესახებ, რომელიც პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, ხათუნა  სამნიძის, ნიკოლოზ სამხარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივაა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება შესაბამისი მუხლი, რომელიც ასეთი ქმედებისთვის გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო ამავე  ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

"კანონპროექტის მიზანია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვა, რომელთა წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების დაცვა, რომლებთანაც საქართველოს აქვს ასეთი ურთიერთობები".- თქვა სამხარაძემ. 

სახელმწიფოებში არ მოიაზრება ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ.

აღნიშნულ კანონპროექტს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეწინააღმდეგებოდნენ.

ჯაფარიძის თქმით, "დროშის ან ნებისმიერი სიმბოლოს, რისიც არ უნდა იყოს, დაზიანება/განადგურებისთვის ადამიანის დასჯა არის იდიოტობა + საშიშ გზაზე შედგომა. დასჯადი უნდა იყოს სხვისი საკუთრების დაზიანება/განადგურება, გინდა დროშა იყოს, გინდა კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგური".

ბოკერიამ კი კანონპროექტს იაფფასიანი სვლა უწოდა და პარტიებს მოუწოდა, არ მიიღონ მასში მონაწილეობა.


შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს, პარლამენტის წინ გაიმართა მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის. აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდა ევროპული საქართველოგირჩი-მეტი თავისუფლებამოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად პუტინისტი, ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციას მართავენ. რუსთაველზე მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. პუტინისტური ჯგუფების წევრები მდუმარე აქციის მონაწილეებს მეტალის ნაჭრებს, შუშებსა და ქვებს ესროდნენ. მოგვიანებით, მათ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.

კომენტარები