თვითმმართველობის არჩევნები 2021

"იაფფასიან სვლაში ნუ ჩაერთვებით" – ბოკერია დროშის ჩამოხევაზე სანქციებს ეწინააღმდეგება

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

"ყველა ოპოზიციურ პარტიას მოვუწოდებ, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ამ იაფფასიან სვლაში, ვითომ რაღაცა გააკეთეს, მაშინ როცა თანაშემოქმედები არიან, ამ სვლაში, რომელიც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან მხოლოდ ერთი ჯგუფის თავისუფლება არ არსებობს, ყველას თავისუფლება არსებობს ან არ არსებობს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას, დროზე მოეგონ გონს". – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის ან რომელიმე სხვა პარტნიორი ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.  

"სიმბოლოების მიმართ პატივისცემა, მათ შორის ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის დროშის მიმართ, იმიტომ კი არ უნდა არსებობდეს, რომ ვინმეს დასჯის უნდა ეშინოდეს, არამედ ადამიანებისა და მოქალაქეების არჩევანი უნდა იყოს, რაც არის კიდევაც ასე. ვინც ამას უპირისპირდება, ის არის მავნე და ჩვენთვის უნდა იყოს შერცხვენის და პოლიტიკური და მორალური იზოლაციის მაგალითი, ვგულისხმობ იმას, ვინც თავს დაესხა.

როცა ვიწყებთ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, მაშინ პუტინისტების და მოძალადეების ლოგიკით ვმოქმედებთ, რომ უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს რომელი სიმბოლო მოგვწონს და რომელი არა, რა არის მართალი და რა არა, მაშინ ამერიკის დროშიც დაზიანებაც დასჯადი უნდა იყოს, რაც ამერიკაშიც არ არის? ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, რომ დროშა უნდა იცავდეს იმათაც კი, ვინც მას პატივს არ სცემს, იმიტომ, რომ ეგ არის თავისუფლების "მუღამი". – ამბობს გიგა ბოკერია.

დღეს, 21 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო ევროკავშირის დროშის ჩამოხევის ფაქტი და ამასთან დაკავშირებით კანონპროექტში ცვლილებების შეტანა. 

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის ან რომელიმე სხვა პარტნიორი ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე შესაძლოა სანქციები დაწესდეს. 


6 ივლისს პარლამენტის წინ მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის გაიმართა. აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდა ევროპული საქართველოგირჩი-მეტი თავისუფლებამოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად პუტინისტი, ძალადობრივი ჯგუფები კონტრაქციას მართავენ. რუსთაველზე მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. პუტინისტური ჯგუფების წევრები მდუმარე აქციის მონაწილეებს მეტალის ნაჭრებს, შუშებსა და ქვებს ესროდნენ. მოგვიანებით, მათ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.

კომენტარები