ანტივაქსერები

Facebook-მა რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ კამპანიაში ჩართული ანგარიშები წაშალა 

ფოტო: The Daily Beast

Facebook-მა რუსეთიდან მართული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებდნენ. 

Reuters-ის ცნობით, ე.წ. ტროლები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და თავად ვირუსის შესახებ.

ისინი აქტიურად იყენებდნენ: ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებულ სტატიებს, პოსტებს და ჯგუფებს, სადაც ავრცელებდნენ პოსტებს, ვიდეოებსა და პეტიციებს ვაქცინაციის პროგრამის შეჩერების შესახებ. 

გარდა Facebook-ისა, რუსული ბოტები აქტიურად იყენებდნენ სხვა სოციალურ და საკომუნიკაციო პლატფორმებსაც, მათ შორის: Instagram-ს, TikTok-ს, YouTube-ს, Reddit-ს, Medium-სა და Change.org-საც კი. 

ტროლებთან ერთად, წაიშალა მიზანმიმართულ ანტივაქსერულ კამპანიაში ჩართული ინფლუენსერების ანგარიშებიც. Facebook-ის ინფორმაციით, ისინი მითითებებსა და დაფინანსებას რუსეთიდან იღებდნენ.

კომპანიის განმარტებით, რუსეთის ანტივაქსერული კამპანია 2020 წელს ათასობით ცრუ ანგარიშის დარეგისტრირებით დაიწყო, ე.წ. ფეიკ ანგარიშების უდიდესი ნაწილი ბანგლადეშსა და პაკისტანში იყო რეგისტრირებული, მათ ძირითად სამიზნეს კი აშშ, ლათინური ამერიკა და ინდოეთი წარმოადგენდა. 

რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიაში ასევე ჩართული იყვნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ინფლუენსერებიც, რომლებიც თავიანთ ათასობით გამომწერს უზიარებდნენ ცრუ ინფორმაციას, რითაც ცდილობდნენ ვაქცინების რეპუტაციის შელახვას. 

დეზინფორმაცია კოორდინირებულად, სხვადასხვა ენაზე ვრცელდებოდა. ანტივაქსერულ გვერდებს კი ასიათასობით აქტიური გამომწერი ჰყავდათ. 

კომენტარები