ანტივაქსერები

კენიაში ანტივაქსერი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

კენიაში ანტივაქსერი ექიმი, სტეფან კარანჯა კორონავირუსით გარდაიცვალა. ის Covid-19-ის ვაქცინების მოწინააღმდეგე იყო და ამბობდა, რომ ვაქცინა საერთოდ არ არის საჭირო. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ ეთანხმებოდნენ მის შეხედულებებს.

მეან-გინეკოლოგი ექიმი რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. 29 აპრილს ის გარდაიცვალა.

კენიელი ექიმი ირწმუნებოდა, რომ არსებობს წამლები, რომლებსაც "კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ეფექტიანად იყენებენ" და "ამ დაავადებისთვის აცრა საერთოდ არ არის საჭირო, რის გამოც ამის მოტივი საეჭვოა".

ის საუბრობდა ალტერნატიულ ე.წ. მკურნალობაზე, რაც მოიცავდა ინჰალაციას, სხვადასხვა წამლების შერევას, რაც კორონავირუსის სამკურნალოდ ჯანმო-ს მიერ დამტკიცებული არ არის. 

"კენიაში გაგზავნილი ვაქცინები ჯანმო-მ და რამდენიმე მკაცრმა მარეგულირებელმა ორგანომ განიხილეს და ისინი უსაფრთხოა". - განაცხადა მარტში ჯანმო-მ .

კარანჯა კენიის კათოლიკე ექიმთა ასოციაციის წევრიც იყო. კენიის კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენცია გაემიჯნა კარანჯას შეხედულებებს კორონავირუსის ვაქცინების შესახებ. წარსულში ის რელიგიურ ლიდერებთან ერთად მასობრივი აცრის კამპანიებს ეწინააღმდეგებოდა.

​კენიამ Covax პლატფორმიდან დაახლოებით მილიონი ვაქცინა მიიღო. ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 160 000 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 2 707 ადამიანი.

კომენტარები