ბელარუსი

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბელარუსის მოქმედ ხელისუფლებას ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა

სანქციები მოიცავს სავაჭრო შეზღუდვებს კალიუმის სასუქზე, ნავთობპროდუქტებზე, თამბაქოს მრეწველობის პროდუქტებზე და ასევე იმ პროდუქციასა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც ბელარუსში რეპრესიებისთვის შეიძლება გამოიყენონ.

გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა დააწესა ფინანსური სანქციები ბელარუსი ეროვნული ბანკებისთვის, ბელარუსის ავიაკომპანიების დიდი ბრიტანეთის ტერიტორიის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა და უარი თქვა იმ თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებაზე, რომლებითაც ალექსანდრ ლუკაშენკო და მისი უახლოესი თანამოაზრეები სარგებლობენ.

"ლუკაშენკოს რეჟიმი ბელარუსში აგრძელებს დემოკრატიის ჩახშობას და ადამიანის უფლებების დარღვევას. ეს სანქციები აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთი არ მიიღებს ლუკაშენკოს მოქმედებებს არჩევნების გაყალბების შემდეგ". – თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა.

დიდი ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით ლუკაშენომ თქვა, რომ "ათასი წელი არ ვიცოდით, რა იყო დიდი ბრიტანეთი და ახლაც არ გვინდა, ვიცოდეთ"

"კისერიც გიტეხიათ ამ სანქციებით. ათასი წელი არ ვიცოდით ეს დიდი ბრიტანეთი და ახლაც არ გვინდა ვიცოდეთ. ამერიკელების დამქაშები ხართ". – თქვა მან.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციების ძალადობრივად ჩახშობის გამო ლუკაშენკოს რეჟიმს სხვადასხვა ქვეყანამ დაუწესა სანქციები.

ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

თავდაპირველად, 2 ოქტომბერს აშშ-მ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, იური კარაევს და შვიდ სხვა მაღალი რანგის პირს სანქციები დაუწესა. 23 დეკემბერს აშშ-მ ბელარუსისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა.

ბელარუსის ხელისუფლების წევრებს სანქციები ასევე დაუწესეს ევროკავშირმადიდმა ბრიტანეთმაკანადამშვეიცარიამ და ბალტიის ქვეყნებმა. 21 ნოემბერს შვიდი ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ არიან, ბელარუსისთვის დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. ეს ქვეყნებია უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია.

გარდა ამისა, ბელარუსითვის სანქციების ახალი ტალღა ბელარუსი ჟურნალისტის და აქტივისტის რამან პრატასევიჩის დაკავებას მოჰყვა.

ევროკავშირმა აშშ-სთან და კანადასთან ერთად ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა. ისინი ლუკაშენკოს მოუწოდებენ, შეწყვიტოს რეპრესიული ქმედებები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

ევროკავშირმა ბელარუსის 78 ოფიციალურ პირსა და კომპანიას სანქციები მოგზაურობაზე შეზღუდვითა და ანგარიშების გაყინვით დაუწესა. სანქციები შეეხო ბელარუსის თავდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრებს, ასევე საჰაერო ძალების მეთაურს. 

ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი რამან პრატასევიჩი 23 მაისს მინსკში დააკავეს. მის დასაკავებლად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. პრატასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს. საპეგა ორი თვით არის დაპატიმრებული. პრატასევიჩი და საპეგა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს

კომენტარები