არჩევნები 2021

პაპუაშვილი ISFED-ზე: აღქმებზე და იმან ამას უთხრაზე დაფუძნებული დასკვნები

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი სამართლიანი არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშს ეხმაურება და წერს, რომ ეს ანგარიში აღქმებზე და "იმანამასუთხრაზე" დაფუძნებული დასკვნებით არის გაჯერებული. 

"აღქმებზე და "იმანამასუთხრაზე" დაფუძნებული დასკვნებით რომ იქნებოდა ეს ანგარიში გაჯერებული, მგონი, ეს უკვე ამ ორგანიზაციის სტანდარტად იქცა და არც არავის უკვირს, მაგრამ ამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან - რომელმაც "სამართლიანი არჩევნების" მიერ უბნების 8%-ზე ბიულეტენების მეტობის მტკიცების სიყალბე დოკუმენტურად დაამტკიცა - სამართლიანი არჩევნების  "დაბალი სტანდარტის მქონე" სადამკვირვებლო ორგანიზაციად მოხსენიების წარმოჩენა, როგორც ამ ორგანიზაციაზე "ზეწოლა".

ანუ, რა ვქნათ ახლა, ორგანიზაციაზე, რომელიც ერთი თვე პარალელური დათვლის ნამდვილ შედეგებს უმალავდა საზოგადოებას და რვა თვე მეტობით ოქმების სიას, უბოდიშოდ კრიტიკული აზრის გამოთქმაც აკრძალულია?!

საინტერესოა, ზოგს კრიტიკა ცალკარა რომ ჰგონია". - წერს პაპუაშვილი Facebook-ზე. 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოვლენილ დარღვევებს აქვეყნებს. მათ შორის არის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, ზეწოლა მუქარა, მტრული განწყობები ქალთა მიმართ პოლიტიკაში და სხვ. 

კომენტარები