ბელარუსი ათლეტის საქმე

ბელარუსი ათლეტი კრისტინა ტიმანოვსკაია პოლონეთში ჩავიდა

კრისტინა ტიმანოვსკაია

ბელარუსი ათლეტი კრისტინა ტიმანოვსკაია, რომელიც ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის კრიტიკის შემდეგ კომიტეტმა ოლიმპიადიდან მოხსნა და მისი ბელარუსში იძულებით დაბრუნება სცადა, პოლონეთში ჩავიდა. ტიმანოვსკაიამ პოლონეთისგან ჰუმანიტარული ვიზა მიიღო.

ათლეტი ტოკიოდან 4 აგვისტოს გაემგზავრა. თავდაპირველად ნავარაუდევი იყო, რომ ის პირდაპირ პოლონეთში გაემგზავრებოდა, თუმცა ბოლო წუთებში მან თვითმფრინავის რეისი შეიცვალა და ვენაში გაფრინდა. პოლონეთში ტიმანოვსკაია ავსტრიიდან გადაფრინდა.

პირველ აგვისტოს ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა კრისტინა ტიმანოვსკაია ოლიმპიადიდან მოხსნა, მიუხედავად იმისა, რომ 2 აგვისტოს მას 200-მეტრიან დისტანციის წინასწარ გარბენში უნდა მიეღო მონაწილეობა. თავად ათლეტმა თქვა, რომ კომიტეტის ხელმძღვანელობამ სცადა, მისთვის ბელარუსში დაბრუნება ეიძულებინა. ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ტიმანოვსკაიამ ინსტაგრამზე ოლიმპიური ხელმძღვანელობის კრიტიკული ვიდეო გამოაქვეყნა.

ბელარუსში გაფრენამდე, ტოკიოს აეროპორტში მისულმა ტიმანოვსკაიამ პოლიციას მიმართა და გაავრცელა ვიდეო, რომელშიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დახმარება სთხოვა. ათლეტი ტოკიოში დარჩა და თქვა, რომ ბელარუსში სისხლისსამართლებრივი დევნის ეშინია.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტიმანოვსკაიას საქმის გამოძიება დაიწყო.

კრისტინა ტიმანოვსკაიამ პოლიტიკური თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა და ჰუმანიტარული ვიზა მიიღო. იაპონიიდან გამგზავრებამდე ის პოლონეთის საელჩოში რჩებოდა.

კომენტარები