ბელარუსი

ბელარუსმა ათლეტმა, კრისტინა ტიმანოვსკაიამ პოლიტიკური თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა

კრისტინა ტიმანოვსკაია
Issei Kato / Reuters 

ბელარუსმა ათლეტმა, კრისტინა ტიმანოვსკაიამ, რომელიც ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის კრიტიკის შემდეგ კომიტეტმა ოლიმპიადიდან მოხსნა და იძულებით სცადა მისი ბელარუსში დაბრუნება, პოლიტიკური თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა. ამის შესახებ ბელარუსის სპორტული სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრ ოპეკინმა, ისაუბრა.

"ის [კრისტინა ტიმანოვსკაია] ახლა ტოკიოშია.  უკვე ესაუბრა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და პრესას, უკვე გააკეთა განცხადება პოლიტიკურ თავშესაფარზე პოლონეთში და ამიტომ ის უკვე გზაშია. ყველაფერი რიგზე აქვს. მტკიცედ დგას, გასაგებია, რომ სტრესული მდგომარეობაა არა მხოლოდ სპორტსმენისთვის, არამედ - ადამიანისთვისაც - აღმოჩნდეს ასეთი წნეხის ქვეშ". – თქვა ოპეკინმა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ევროპასთან ურთიერთობის მდივანმა, კლემონ ბონმა თქვა, რომ "ევროპისთვის პატივი იქნებოდა" ტიმანოვსკაიას პოლიტიკური თავშესაფრით უზრუნველყოფა.

პირველ აგვისტოს ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა კრისტინა ტიმანოვსკაია ოლიმპიადიდან მოხსნა, მიუხედავად იმისა, რომ 2 აგვისტოს მას 200-მეტრიან დისტანციის წინასწარ გარბენში უნდა მიეღო მონაწილეობა. თავად ათლეტმა თქვა, რომ კომიტეტის ხელმძღვანელობამ სცადა, მისთვის ბელარუსში დაბრუნება ეიძულებინა. ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ტიმანოვსკაიამ ინსტაგრამზე ოლიმპიური ხელმძღვანელობის კრიტიკული ვიდეო გამოაქვეყნა.

ბელარუსში გაფრენამდე, ტოკიოს აეროპორტში მისულმა ტიმანოვსკაიამ პოლიციას მიმართა და გაავრცელა ვიდეო, რომელშიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დახმარება სთხოვა. ათლეტი ტოკიოში დარჩა და თქვა, რომ ბელარუსში სისხლისსამართლებრივი დევნის ეშინია.

კომენტარები