ბელარუსი ათლეტის საქმე

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბელარუსი ათლეტის საქმის გამოძიება დაიწყო

კრისტინა ტიმანოვსკაია
Reuters

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბელარუსი ათლეტის, კრისტინა ტიმანოვსკაიას საქმის ოფიციალური გამოძიება დაიწყო. ტიმანოვსკაია ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას კომიტეტის კრიტიკის შემდეგ ქვეყანაში იძულებით დაბრუნების მცდელობაში ადანაშაულებს.

"საჭიროა, ყველა ფაქტი დავადგინოთ. ამას შეიძლება დრო დასჭირდეს. ამჟამად, პირველ რიგში, ათლეტის კეთილდღეობა გვაინტერესებს". – თქვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა, მარკ ადამსმა.

24 წლის ბელარუსმა ათლეტმა პოლიტიკური თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა და ჰუმანიტარული ვიზა მიიღო. ამჟამად ის იაპონიაში, პოლონეთის საელჩოში რჩება. პოლონეთში ის, სავარაუდოდ, 4 აგვისტოს გაემგზავრება.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბელარუსის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ინციდენტთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენა მოსთხოვა. ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის თანახმად, ტიმანოვსკაია ოლიმპიადიდან მენტალური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის გამო მოხსნეს.

ტიმანოვსკაიას ქმარმა, არსენი ზდანევიჩმა, რომელმაც ბელარუსი დატოვა და ამჟამად უკრაინაში იმყოფება, ცოლის მენტალურ ჯანმრთელობაზე ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაცია უარყო და თქვა, ტიმანოვსკაიას ფსიქოლოგიური მდგომარეობა ნორმალურია.

ზდანევიჩი აღნიშნავს, რომ წყვილი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარეული არ არის და ბელარუსში დაბრუნდებიან, თუ მათ სისხლის სამართლის ბრალდებას არ წაუყენებენ.

პირველ აგვისტოს ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა კრისტინა ტიმანოვსკაია ოლიმპიადიდან მოხსნა, მიუხედავად იმისა, რომ 2 აგვისტოს მას 200-მეტრიან დისტანციის წინასწარ გარბენში უნდა მიეღო მონაწილეობა. თავად ათლეტმა თქვა, რომ კომიტეტის ხელმძღვანელობამ სცადა, მისთვის ბელარუსში დაბრუნება ეიძულებინა. ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ტიმანოვსკაიამ ინსტაგრამზე ოლიმპიური ხელმძღვანელობის კრიტიკული ვიდეო გამოაქვეყნა.

ბელარუსში გაფრენამდე, ტოკიოს აეროპორტში მისულმა ტიმანოვსკაიამ პოლიციას მიმართა და გაავრცელა ვიდეო, რომელშიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დახმარება სთხოვა. ათლეტი ტოკიოში დარჩა და თქვა, რომ ბელარუსში სისხლისსამართლებრივი დევნის ეშინია.

კომენტარები