ბელარუსი ათლეტის საქმე

კიდევ ორი ბელარუსი ათლეტი ქვეყანაში დაბრუნებაზე უარს ამბობს

იანა მაკსიმოვა/ანდრეი კრავჩენკო

ბელარუსი ათლეტები – იანა მაკსიმოვა და მისი ქმარი ანდრეი კრავჩენკო ბელარუსში დაბრუნებაზე უარს ამბობენ. სპორტსმენების გადაწყვეტილების მიზეზი კრისტინა ტიმანოვსკაიასთან დაკავშირებული ინციდენტია. ტიმანოვსკაია ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა კომიტეტის კრიტიკის შემდეგ ოლიმპიადიდან მოხსნა და მისი ბელარუსში იძულებით დაბრუნება სცადა.

იანა მაკსიმოვა და ანდრეი კრავჩენკო შვილთან ერთად გერმანიაში იმყოფებიან და იქ დარჩენას აპირებენ.

"დიდხანს ფიქრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება ბელარუსში არ დავბრუნდეთ. სამწუხაროდ, ახლა იქ არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ შეიძლება სიცოცხლეც წაგართვან... აქ [გერმანიაში] არის შესაძლებლობა, ისუნთქო თავისუფლად და იყო ერთერთი, ვინც თავისი ხალხის, მეგობრების, ნათესავებისა და ახლობლებისთვის იბრძვის. აუცილებლად გავიმარჯვებთ". – წერს იანა მაკსიმოვა.

მაკსიმოვა აღნიშნავს, რომ იმედი აქვს, შეძლებს სპორტული კარიერის გააგრძელებს და ექნება შესაძლებლობა ივარჯიშოს და შეჯიბრებებზე გამოვიდეს, მოემზადოს შემდეგი ოლიმპიური თამაშებისთვის".

ანდრეი კრავჩენკო 2008 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია, იანა მაკსიმომა კი მრავალჭიდში ბელარუსის თასის მფლობელი. მაკსიმოვას ოლიმპიური საკვალიფიკაციო ნორმატივები არ შეუსრულებია და ამიტომ ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობას არ იღებს. 2013 წელს იანა მაკსიმოვა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია.

პირველ აგვისტოს ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა კრისტინა ტიმანოვსკაია ოლიმპიადიდან მოხსნა, მიუხედავად იმისა, რომ 2 აგვისტოს მას 200-მეტრიან დისტანციის წინასწარ გარბენში უნდა მიეღო მონაწილეობა. თავად ათლეტმა თქვა, რომ კომიტეტის ხელმძღვანელობამ სცადა, მისთვის ბელარუსში დაბრუნება ეიძულებინა. ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ტიმანოვსკაიამ ინსტაგრამზე ოლიმპიური ხელმძღვანელობის კრიტიკული ვიდეო გამოაქვეყნა.

ბელარუსში გაფრენამდე, ტოკიოს აეროპორტში მისულმა ტიმანოვსკაიამ პოლიციას მიმართა და გაავრცელა ვიდეო, რომელშიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დახმარება სთხოვა. ათლეტი ტოკიოში დარჩა და თქვა, რომ ბელარუსში სისხლისსამართლებრივი დევნის ეშინია.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტიმანოვსკაიას საქმის გამოძიება დაიწყო.

კრისტინა ტიმანოვსკაიამ პოლიტიკური თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა და ჰუმანიტარული ვიზა მიიღო. იაპონიიდან გამგზავრებამდე ის პოლონეთის საელჩოში რჩებოდა. ტიმანოვსკაია ტოკიოდან 4 აგვისტოს გაემგზავრა.

კომენტარები