ბელარუსი ათლეტის საქმე

ბლინკენი ბელარუს ათლეტზე: ლუკაშენკოს რეჟიმის რეპრესიის კიდევ ერთი მცდელობა

ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის მიერ ათლეტის, კრისტინა ტიმანოვსკაიას ოლიმპიადიდან მოხსნას და ბელარუსში იძულებით დაბრუნების მცდელობას გამოეხმაურა.

"თავისუფალი გამოხატვისთვის ოლიმპიელი კრისტინა ტიმანოვსკაიასთვის [ოლიპიადის] დატოვების იძულება ლუკაშენკოს რეჟიმის ტრანსნაციონალური რეპრესიის კიდევ ერთი მცდელობაა. ასეთი ქმედებები არღვევს ოლიმპიურ სულისკვეთებას, არის ძირითადი უფლებების შეურაცხყოფა და არ შეიძლება იყოს შეწყნარებული". – დაწერა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე.

ინციდენტს გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის სპიკერი ნაბილა მასრალი. მასრალის თქმით, ტიმანოვსკაიას ბელარუსში იძულებით დაბრუნების მცდელობა "ლუკაშენკს რეჟიმის ძალადობის და რეპრესიების კიდევ ერთი მაგალითია".

"კრისტინა ტიმანოვსკაიას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ და ვიწონებთ იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მას დახმარება შესთავაზეს. მივესალმებით, რომ პოლონეთმა მას ჰუმანიტარული ვიზა მისცა". – თქვა მასრალიმ.

24 წლის ბელარუსმა ათლეტმა პოლიტიკური თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა და ჰუმანიტარული ვიზა მიიღო. ამჟამად ის იაპონიაში, პოლონეთის საელჩოში რჩება. პოლონეთში ის, სავარაუდოდ, 4 აგვისტოს გაემგზავრება. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბელარუსი ათლეტის, კრისტინა ტიმანოვსკაის საქმის ოფიციალური გამოძიება დაიწყო.

პირველ აგვისტოს ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა კრისტინა ტიმანოვსკაია ოლიმპიადიდან მოხსნა, მიუხედავად იმისა, რომ 2 აგვისტოს მას 200-მეტრიან დისტანციის წინასწარ გარბენში უნდა მიეღო მონაწილეობა. თავად ათლეტმა თქვა, რომ კომიტეტის ხელმძღვანელობამ სცადა, მისთვის ბელარუსში დაბრუნება ეიძულებინა. ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ტიმანოვსკაიამ ინსტაგრამზე ოლიმპიური ხელმძღვანელობის კრიტიკული ვიდეო გამოაქვეყნა.

ბელარუსში გაფრენამდე, ტოკიოს აეროპორტში მისულმა ტიმანოვსკაიამ პოლიციას მიმართა და გაავრცელა ვიდეო, რომელშიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დახმარება სთხოვა. ათლეტი ტოკიოში დარჩა და თქვა, რომ ბელარუსში სისხლისსამართლებრივი დევნის ეშინია.

კომენტარები