მიანმარი

მიანმარის ხუნტის ლიდერმა გარდამავალ მთავრობაში პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა

მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერი მინ აუნ ჰლაინი
Reuters

მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერმა მინ აუნ ჰლაინმა გარდამავალ მთავრობაში პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა.

"იმისთვის, რომ ქვეყანამ თავისი მოვალეობები სწრაფად, მარტივად და ეფექტიანად შეასრულოს, სახელმწიფო ადმინისტრაცია მიანმარის გარდამავალი მთავრობა გახდება" - თქვა მინ აუნ ჰლაინმა.

სატელევიზიო გამოსვლაში ხუნტის ლიდერმა 2023 წლამდე დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობა დადო და თქვა, რომ მისი მთავრობა მზად არის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგანგებო ელჩთან თანამშრომლობა დაიწყოს.

"მიანმარი მზად არის, ASEAN-თან ითანამშრომლოს ორგანიზაციის რეგლამენტის ფარგლებში, მათ შორის მიანმარში ASEAN-ის საგანგებო ელჩთან დიალოგი აწარმოოს". - თქვა მინ აუნ ჰლაინმა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას ხვალ გამართავენ. შეხვედრის მიზანია, საბოლოოდ დამტკიცდეს საგანგებო ელჩი, რომლის მოვალეობა ქვეყანაში ძალადობის დასრულებაზე მუშაობა და ხუნტასა და მის მოწინააღმდეგეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა იქნება.

სატელევიზიო გამოსვლის დროს ხუნტის ლიდერმა ასევე გაიმეორა პირობა, რომ  მაინმარში დემოკრატიულ მმართველობას აღადგენს.

"გარანტიას გაძლევთ, რომ ჩამოყალიბდება დემოკრატიასა და ფედერალიზმზე დაფუძნებული კავშირი". – თქვა მინ აუნ ჰლაინმა.

ხუნტამ თავისი მოწინააღმდეგეები ტერორისტებად გამოაცხადა. მინ აუნ ჰლაინის თქმით ამჟამად ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა, გამონაკლისი "რამდენიმე ტერორისტული თავდასხმაა".

მიანმარის სამხედრო გადატრიალების შემდეგ 6 თვე გავიდა.  მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა

ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ უშიშროების ძალები მომაკვდინებელ ძალას იყენებს. ადგილობრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის ცნობით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ უშიშროების ძალებმა 939 ადამიანი მოკლეს, დაკავებულია 6 990-მდე ადამიანი.

სამხედრო ხუნტის საპასუხოდ 16 აპრილს აუნ სან სუჩის მხარდამჭერებმა მიანმარის ეროვნული ერთობის მთავრობა ჩამოაყალიბეს. კაბინეტის წევრები არიან 2020 წლის არჩევნებში არჩეული კანონმდებლები, ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და გადატრიალების მოწინააღმდეგე პროტესტების ლიდერები. კაბინეტის წევრების უმეტესობა იმალება ან ქვეყნიდანაა გაქცეული.

ხუნტისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მიანმარის ეროვნული ერთობის მთავრობამ სახალხო თავდაცვის ძალები ჩამოაყალიბა. სახალხო თავდაცვის ძალები ხუნტამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს მარტში სანქციები დაუწესეს. 17 მაისს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ მიანმარის სამხედრო ხუნტას დამატებითი სანქციები დაუწესეს.

კომენტარები