მიანმარი

მიანმარში აჯანყებულებმა ჩინეთის საზღვართან მდებარე საკვანძო მნიშვნელობის ქალაქი აიღეს

მიანმარის კოკანგის რეგიონის დედაქალაქი ლაუკაი, 2009 წლის 8 სექტემბერი
REUTERS/Khin Maung Win/Pool/File Photo

მიანმარში ხუნტის წინააღმდეგ აჯანყებულების, სამი საძმოს ალიანსის სახელით ცნობილი ჯგუფის ინფორმაციით, კვირების განმავლობაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლების შემდეგ, ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩინეთის არასტაბილურ საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლაუკაიზე კონტროლი დაამყარეს. ადგილზე განლაგებული რეგიონული სამხედრო შტაბი ამბოხებულებს ჩაბარდა. ინფორმაციას მიანმარის სამხედრო ხელისუფლებაც ადასტურებს.

"მთელი კოკანგის (ლაუკაის) რეგიონი მიანმარის სამხედრო საბჭოსგან თავისუფალ მიწად იქცა". - წერია აჯანყებულთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხუნტის სპიკერმა, ზავ მინ თუნმა ადგილობრივ მედია Popular News-ს 6 იანვარს უთხრა, რომ სამხედროებმა დანებება "დიდი განხილვის შემდეგ" გადაწყვიტეს.

მიანმარის კოკანგის რეგიონის დედაქალაქი, ლაუკაი აზარტული თამაშებით და აქ მდებარე ონლაინ თაღლითური ოპერაციების ცენტრებით არის ცნობილი. ჩინეთი, ხუნტის მთავარი მოკავშირე, ბოლო თვეებში თაღლითური სქემების წინააღმდეგ უმოქმედობის გამო მიანმარის სამხედრო ხელისუფლების წინააღმდეგ მზარდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

თავდასხმის დაწყებამდე, სამი საძმოს ალიანსმა თქვა, რომ მისი მთავარი სამიზნე სწორედ თაღლითური ცენტრების გაწმენდა იყო.

ლაუკაის აღება აჯანყებულებისთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა ფართო შეტევაში, რომელიც ოქტომბერში დაიწყო და ხუნტისთვის 2021 წელს ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით ხელში აღების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ იქცა.

პოლიტიკური ანალიტიკოსის, იო მიო ხეინის თქმით, აჯანყებულების მიერ ლაუკაის აღება ნიშნავს, რომ ხუნტის პირველი რეგიონული ოპერაციული სარდლობა დაეცა. მიანმარის მასშტაბით სამხედრო ხელისუფლებას ათზე მეტი მსგავსი სარდლობა ჰყავს.


2021 წლის 1 თებერვალს მიანმარში მოხდა სამხედრო გადატრიალება, რომელიც არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ უშიშროების ძალები მომაკვდინებელ ძალას იყენებდნენ.

მიანმარის სამხედრო ხუნტამ ქვეყნის ყოფილი სახელმწიფო მრჩეველი, საგარეო საქმეთა მინისტრი და დე ფაქტო ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი დააპატიმრა. 2023 წლის 1 აგვისტოს 19 საქმეზე მსჯავრდებული სუ ჩი 5 საქმეზე შეიწყალეს. შედეგად, 78 წლის სუ ჩის 33 წლიანი სასჯელი 6 წლით შეუმცირდა.

მიანმარის არმია ათწლეულების განმავლობაში ებრძოდა ეთნიკური უმცირესობებისა და სხვათა ამბოხებებს, თუმცა 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მებრძოლთა უპრეცედენტო კოორდინაცია დაიწყო, რომელიც არმიას ყველაზე დიდ გამოწვევას უქმნის.

კომენტარები