მიანმარი

მიანმარში, ტაილანდთან საზღვარზე, ხუნტის წინააღმდეგ აჯანყებულები სამხედროებს დაუპირისპირდნენ

ტაილანდელი სამხედრო საზღვარზე მიანმარის მხარეს სასაზღვრო ხიდთან ხუნტის ჯარებსა და ამბოხებულებს შორის მიმდინარე შეტაკების დროს თავს აფარებს, 2024 წლის 20 აპრილი
REUTERS/Soe Zeya Tun

19 აპრილს მიანმარის აღმოსავლეთით, ტაილანდის საზღვარზე, ხუნტის წინააღმდეგ აჯანყებულებსა და სამხედროებს შორის ბრძოლა დაიწყო. მეამბოხეები ხუნტის ჯარების მინამარი-ტაილანდის სასაზღვრო ხიდიდან განდევნას ცდილობდნენ. შეტაკების გამო მიმდებარე დასახლებების დატოვება 200-მდე ადამიანს მოუწია. ინფორმაციას მოწმეებზე, ადგილობრივ მედიასა და ტაილანდის მთავრობაზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო სამ მოწმეზე დაყრდნობით წერს, რომ მათ აფეთქებები და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმები პარასკევს, 19 აპრილს გაისმა და 20 აპრილს, დილის საათებშიც გრძელდებოდა.

რამდენიმე ტაილანდურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 200-მა ადამიანმა მიანმარიდან გადაკვეთა საზღვარი ტაილანდში დროებითი თავშესაფრის მოსაძებნად.

ტაილანდურმა მაუწყებელმა NBT-მ სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ წინააღმდეგობის ძალებმა გამოიყენეს 40-მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევები და სამიზნეზე, სადაც ხუნტის დაახლოებით 200 ჯარისკაცი იყო გამაგრებული, დრონებით 20-მდე ბომბი ჩამოაგდეს.

ტაილანდის პრემიერმინისტრმა სრეთთა თავისინმა თქვა, რომ იგი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და მისი ქვეყანა საჭიროების შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად მზად არის.

”მე არ მსურს ვიხილო, რომ ასეთ შეტაკებებს რაიმე გავლენა აქვს ტაილანდის ტერიტორიულ მთლიანობაზე და ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი საზღვრები და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება". - დაწერა მან X-ზე.

მიანმარის საზღვრის მახლობლად მდებარე საკვანძო სავაჭრო ქალაქ მიავადისა და არმიის პოსტებზე მეამბოხეების კოორდინირებული თავდასხმების შემდეგ, ხუნტის ძალებმა 5 აპრილიდან უკან დახევა დაიწყეს.

წინააღმდეგობის ძალებმა და მეამბოხეებმა, რომლებიც ძირითადად ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ, 11 აპრილს მიავადი აიღეს. ქალაქი ხუნტისთვის საგადასახადო შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო და 1 მილიარდ დოლარზე მეტი წლიური სასაზღვრო ვაჭრობის გამტარია.


მიანმარის არმია ათწლეულების განმავლობაში ებრძოდა ეთნიკური უმცირესობებისა და სხვათა ამბოხებებს, თუმცა 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მებრძოლთა უპრეცედენტო კოორდინაცია დაიწყო.

სამი ეთნიკური უმცირესობის შეიარაღებული ჯგუფების ალიანსმა გასული წლის ოქტომბერში წამოიწყო აჯანყება, რომელიც ხუნტისთვის 2021 წელს ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით ხელში აღების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ იქცა.

წინააღმდეგობის ძალებმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს იანვრის დასაწყისში, როდესაც კვირების განმავლობაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლების შემდეგ, ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩინეთის არასტაბილურ საზღვართან ახლოს მდებარე საკვანძო ქალაქ ლაუკაიზე კონტროლი დაამყარეს.

2021 წლის 1 თებერვალს მიანმარში მოხდა სამხედრო გადატრიალება, რომელიც არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ უშიშროების ძალები მომაკვდინებელ ძალას იყენებდნენ.

მიანმარის სამხედრო ხუნტამ ქვეყნის ყოფილი სახელმწიფო მრჩეველი, საგარეო საქმეთა მინისტრი და დე ფაქტო ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი დააპატიმრა. 2023 წლის 1 აგვისტოს 19 საქმეზე მსჯავრდებული სუ ჩი 5 საქმეზე შეიწყალეს. შედეგად, 78 წლის სუ ჩის 33 წლიანი სასჯელი 6 წლით შეუმცირდა

კომენტარები