მიანმარი

ინდოეთში ხუნტის წინააღმდეგ აჯანყებულებს გაქცეული კიდევ 29 მიანმარელი სამხედრო გადავიდა

ბანაკი, სადაც მიანმარიდან გაქცეულები აფარებენ თავს, ინდოეთი, მიზორამის შტატი, ჩამპაის რაიონი, სოფელი ზოხავთარი, 2023 წლის 15 ნოემბერი
REUTERS/Chanchinmawia

ინდოეთის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მიანმარში, ინდოეთის საზღვართან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე ხუნტის წინააღმდეგ აჯანყებულთა თავდასხმისას გაქცეული მიანმარელი სამხედროების რიცხვი იმატებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, 16 ნოემბერს ინდოეთში კიდევ 29 სამხედრო გაიქცა.

მანამდე, კვირის დასაწყისში მიანმარიდან ინდოეთის მიზორამის შტატში მიანმარის 43 სამხედრო გადავიდა. მათი სამხედრო ბაზები აჯანყებუებმა დაიკავეს. დაახლოებით 40 სამხედრო ინდოეთის ხელისუფლებამ აღმოსავლეთით რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით მდებარე სხვა სასაზღვრო გამშვები პუნქტით უკან გააბრუნა.

მიანმარის არმია ათწლეულების განმავლობაში ებრძოდა ეთნიკური უმცირესობებისა და სხვათა ამბოხებებს, თუმცა 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მებრძოლთა უპრეცედენტო კოორდინაცია დაიწყო, რომელიც არმიას ყველაზე დიდ გამოწვევას უქმნის.

ხუნტის მიერ ქვეყნის მასშტაბით "მძიმე თავდასხმების" შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად, მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოს ადმინისტრაციული საბჭოს მდივანმა, თინ მაუნგ სვემ თქვა, რომ ქვეყნის სამხედრო მმართველობამ სამთავრობო პერსონალსა და სამხედრო გამოცდილების მქონე ყველა პირს საგანგებო სიტუაციებში სამხედრო სამსახურისთვის მზადყოფნა უბრძანა.

ამასთან, ხუნტის სპიკერმა, ზავ მინ თუნმა 15 ნოემბერს თქვა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ შანის, აღმოსავლეთ კაიას და დასავლეთ რახინეს შტატებში მიანმარის სამხედროები "შეიარაღებული მეამბოხე ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რაოდენობისგან მძიმე თავდასხმებს" განიცდიან.

მისივე თქმით, სამხედრო პუნქტებზე ასობით ბომბის ჩამოსაგდებად ამბოხებულები დრონებს იყენებენ. ზავ მინ თუნმა დასძინა, რომ საფრთხის გამო რამდენიმე სამხედრო პოზიციაა ევაკუირებული.

2021 წლის 1 თებერვალს მიანმარში მოხდა სამხედრო გადატრიალება, რომელიც არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ უშიშროების ძალები მომაკვდინებელ ძალას იყენებდნენ.

მიანმარის სამხედრო ხუნტამ ქვეყნის ყოფილი სახელმწიფო მრჩეველი, საგარეო საქმეთა მინისტრი და დე ფაქტო ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი დააპატიმრა. 2023 წლის 1 აგვისტოს 19 საქმეზე მსჯავრდებული სუ ჩი 5 საქმეზე შეიწყალეს. შედეგად, 78 წლის სუ ჩის 33 წლიანი სასჯელი 6 წლით შეუმცირდა.

კომენტარები