Pfizer-ის ახალი კვლევის მიხედვით, ვაქცინის მესამე დოზა Covid-19-ის დელტა შტამის უვნებელყოფის შესაძლებლობას 100-ჯერ ზრდის.
"დადგინდა, რომ ვაქცინაციიდან 6 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ დაცვა, შესაძლოა კლებულობდეს, ამ კვლევის მონაწილეებში მესამე დოზის მიღება უვნებელმყოფი ანტისხეულების ტიტრებს პოტენციურად 100-ჯერ გაზრდის". – თქვა მიკაელ დოლშტენმა, რომელიც Pfizer-ის საერთაშორისო კვლევაზე მუშაობს. მონაცემების წარდგენის დროს მან კვლევას "იმედისმომცემი" უწოდა.
ასევე, კვლევაში ნათქვამია, რომ 18-55 წლის ადამიანებში მესამე, ბუსტერ დოზის მიღება დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ანტისხეულების რაოდენობას ახუთმაგებს, 65-85 წლის ადამიანებში კი 11-ჯერ ზრდის.
დელტა ვარიანტი Covid-19-ის შტამებიდან ამჟამად მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად არის გავრცელებული.
ამას გარდა, გასულ კვირაში ამერიკულ კომპეტენტურ სამედიცინო ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების ეფექტიანობა დელტა შტამის წინააღმდეგ მაღალია. კვლევის მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინის (BNT162b2 ვაქცინა) ორი დოზის ეფექტიანობა დელტა შტამის წინააღმდეგ 88%-ა, როდესაც მისი ეფექტიანობა ალფა შტამის მიმართ 93.7%-ს შეადგენს. ასევე, ამავე კვლევის მიხედვით, Pfizer-ის მხოლოდ პირველი დოზა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ დაახლოებით 36%-ითაა ეფექტიანი.