ამერიკულ კომპეტენტურ სამედიცინო ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების ეფექტიანობა დელტა შტამის წინააღმდეგ მაღალია.
კვლევამ აჩვენა, რომ Covid-19-ის დელტა შტამის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინის (ChAdOx1 nCoV-19 ვაქცინა) ორი დოზით აცრის ეფექტიანობა 67%-ა, როდესაც მისი ეფექტიანობა თავდაპირველი, ალფა შტამის მიმართ - 74.5%. რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას (BNT162b2 ვაქცინა), კვლევის მიხედვით, მისი ორი დოზის ეფექტიანობა დელტა შტამის წინააღმდეგ 88%-ა, როდესაც მისი ეფექტიანობა ალფა შტამის მიმართ 93.7%-ს შეადგენდა.
ამერიკულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, Pfizer-ის მხოლოდ პირველი დოზა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ დაახლოებით 36%-ითაა ეფექტიანი, ხოლო AstraZeneca – დაახლოებით 30%-ით. აქამდე ინგლისის საჯარო ჯანმრთელობის სააგენტოს ნათქვამი ჰქონდა, რომ ორივე ვაქცინის პირველი დოზის ეფექტიანობა დელტა შტამის წინააღმდეგ დაახლოებით 33% იყო.
კვლევაში გამოიყენეს ბრიტანეთში ვაქცინირებულთა და ინფიცირებულთა ბაზა, ერთმანეთს შეადარეს დელტა და ალფა შტამების გავრცელება აცრილებს შორის.
აქამდე, მას შემდეგ, რაც ისრაელში დელტა ვარიანტის შემთხვევები მომრავლდა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, Pfizer-ის ვაქცინის ეფექტიანობა ამ შტამით ინფიცირების წინააღმდეგ 64%-მდე იყო დაცემული, მაგრამ დელტა შტამის გართულებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ 93%-ით ეფექტიანი იყო. ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, Pfizer-ის ეფექტიანობა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ბევრად უფრო მაღალია.
დელტა ვარიანტი წინა შტამებთან შედარებით უფრო მარტივად ვრცელდება.