შარლ მიშელის შეთანხმება

თალაკვაძე: სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ, პარტნიორებსაც ავუხსნით, ამაში დავარწმუნებთ

რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ შარლ  მიშელის დოკუმენტმა თავისი ფუნქცია შეასრულა და თავი ამოწურა. ამის შესახებ თალაკვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

"ოპოზიციის რადიკალურმა ბანაკმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ როგორმე არ შესულიყვნენ შეთანხმებაში. მეორე, მათაც, ვინც მოაწერეს, ხელი შეუშალეს მაქსიმალურად რომ შესრულებულიყო და ოპოზიციას მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ და ასევე სხვა მიზეზების გამო ჩვენ ვთვლით, რომ შეთანხმება და მისი მოქმედება ამოწურულია. მან შეასრულა თავისი ფუნქცია და მაშინ როდესაც ოპოზიცია ხელოვნურ კრიზისს ქმნიდა და იმყოფებოდა გაუმართლებელ პოლიტიკურ საბოტაჟში, რასაკვირველია, ამ შეთანხმებამ უზრუნველყო ის, რომ პროცესები დაბრუნდა პარლამენტში და პოლიტიკური პარტიების ლუსტრაცია მოხდა, თუ ვის სურდა არეულობა და დესტაბილიზაცია და ვის სურდა დემოკრატიული პროცესები". –  ამბობს თალაკვაძე. 

მისივე თქმით, ქართული ოცნება შეთანხმების ყველა პუნქტს პასუხისმგებლობით ასრულებდა და ყველა რეფორმა რომელიც შეთანხმებაში იყო, მომავალშიც პრიორიტეტული იქნება. თალაკვაძე ამბობს, რომ ოთხი პარტია, რომელმაც ხელი არ მოაწერა, დღემდე ცდილობს, შეთანხმებას ხელი შეუშალოს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა შარლ მიშელთან კონსულტაცია გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, თალაკვაძე პასუხობს, რომ ხელისუფლება, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშეა ვალდებული. 

"ჩვენ, პირველ რიგში, ანგარიშვალდებულები ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან, მათ ავუხსენით, რატომ გადავდგით ეს ნაბიჯი და დამიჯერეთ, ავუხსნით ჩვენს პარტნიორებსაც, რატომ გადავდგით ეს ნაბიჯი". – ამბობს თალაკვაძე და აღნიშნავს, რომ წინასწარ ნამდვილად არ იცის, თუ რა შეფასებები მოჰყვება დასავლეთისგან და პროცესში ჩართული ელჩებისგანაც

თალაკვაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება გადაწყვეტილების სისწორეში დასავლელ პარტნიორებსაც დაარწმუნებს. 

"თუმცა, ერთში ვარ დარწმუნებული, ქართული ოცნება იქცეოდა პასუხისმგებლობით, მოიქცა პასუხისმგებლობით და გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არის სამართლიანი და რამდენადაც ჩვენ ვართ დარწმუნებული, იმდენად შევძლებთ ჩვენი პარტნიორების დარწმუნებას".  – ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.

 

კომენტარები