ცენზურა ჩინეთში

მთავრობის გამო, ჩინური კომპანიების ღირებულება რეკორდული $240 მილიარდით შემცირდა

საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების, Alibaba-ს, Tencent-ისა და Meituan-ის აქციების ღირებულება რეკორდულად დაეცა. უკანასკნელ 48 საათში სამი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 240 მილიარდი დოლარით შემცირდა

ფასების უპრეცედენტო ვარდნა ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიერ ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული ახალი რეგულაციებითა და შეზღუდვებითაა გამოწვეული.

Tencent Holdings-ის აქციების ფასის თითქმის 10%-იანი შემცირების მიზეზი სოციალურ პლატფორმა WeChat-ზე ახალი მომხმარებლების რეგისტრაციის პროცესის აგვისტომდე შეჩერება გახდა. 

ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა, რომელსაც მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, დაუყოვნებლივ უნდა გააუმჯობესოს უსაფრთხოებისა და იდენტიფიკაციის სისტემები. 

გარდა ამისა, Tencent-ის გეგმა, შეეძინა China Music Corporation-ი, მარეგულირებელმა ორგანომ ჩაშალა. 

კომპანიამ ოფიციალურად დადო პირობა, რომ ის ზედმიწევნით მიყვება მთავრობის განკარგულებას და ახალ რეგულაციებს.  

აღნიშნული მოვლენების გამო, Tencent-ის საბაზრო ღირებულება 48 საათში 100 მილიარდი დოლარით შემცირდა. 

ჩინეთის ახალი ანტიმონოპოლიური კანონი და რეგულაციები მიმართულია უშუალოდ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ, როგორებიცაა: Alibaba და Tencent-ი.

რეგულაციები ეხება როგორც ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ პლატფორმებს, ასევე ციფრული გადახდის საშუალებებს, კერძოდ, Ant Group-ის Alipay-სა და Tencent-ის WeChat Pay-ს.

ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAMR) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ახალი კანონი შეაჩერებს მონოპოლისტურ ქცევებს ტექნოლოგიურ სივრცეში და ის სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს.

შეტყობინებაში ასევე წერია, რომ ახალი რეგულაციები კომპანიებს ფასების ფიქსირების, ბაზრის მანიპულირების, ალგორითმის ბოროტად გამოყენებისა და ტექნოლოგიების შეზღუდვისაგან შეაჩერებს.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთის მთავრობა მიზანმიმართულად აწესებს ახალ რეგულაციებს კერძო სექტორისათვის და არა სახელმწიფო მონოპოლიებისთვის.
მათი თქმით,  ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიზანი არა კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება, არამედ კერძო კომპანიების მიმართ სახელმწიფო კონტროლის გაზრდაა.


რას გულისხმობს ჩინეთის ანტიმონოპოლიური კანონი ? 

ჩინეთის კანონმდებლობით, ანტიმონოპოლიურ ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს: ბაზრის მანიპულირება, კონკურენტების ტექნოლოგიური პროგრესის შეფერხება, ციფრული ეკოსისტემის ჩაკეტვა, მომხმარებლების იძულება, ხელოვნურად დაბალი ფასების დაწესება, ბაზრის მონოპოლიზაცია, დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენება, კორპორაციული საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება, გადასახადების თავიდან აცილება, კომპიუტერული ალგორითმებისა და ხელოვნური ინტელექტის არაკონკურენტული მიზნებით გამოყენება. 

ექსპერტების თქმით, ჩინეთის ანტიმონოპოლიური კანონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ზოგადი და ბუნდოვანია, რაც, თავის მხრივ, კომუნისტურ მთავრობას აძლევს იმის საშუალებას, რომ სასამართლო პროცესები არა კანონებზე, არამედ პოლიტიკურ ნებაზე დაყრდნობით წარმართოს. 

ჩინეთის მთავრობას ხშირად აკრიტიკებენ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების წარმართვის გამო, მათ შორის, Alibaba-ს შემთხვევას ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი მისი დამფუძნებლის, ჯეკ მას კომუნისტური მთავრობის მიმართ მტრულ დამოკიდებულებასთან აკავშირებს. 

მას შემდეგ, რაც ჯეკ მამ ჩინეთის მთავრობა და მარეგულირებელი ორგანოები საჯაროდ გააკრიტიკა, მისი კომპანიების წინააღმდეგ დაიწყო საგამოძიებო პროცესები. 

პირველ რიგში, მისი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე დღეში მას Ant Group-ის $37-მილიარდიანი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) მთავრობამ შეაჩერა. 

რამდენიმე თვეში კი ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის მუხლით Alibaba-ს წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესი დაიწყო, რომელიც კომპანიის $2.8-მილიარდიანი დაჯარიმებით დასრულდა

2021 წელს კი ჯეკ მამ ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა

კომუნისტური მთავრობის წარმომადგენლებს და, მათ შორის, ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს არაერთხელ უთქვამს, ყოველივე ეს ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესის მხოლოდ დასაწყისია. 

ექსპერტები ჩინეთის მთავრობას ორმაგი სტანდარტების დაწესებაშიც ადანაშაულებენ, კერძოდ, ანტიმონოპოლიური კანონი, ძირითადად, მხოლოდ იმ კომპანიებს ეხებათ, რომლებიც არ სარგებლობენ მთავრობის მხრიდან კეთილგანწყობით.  

აშშ-ის ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ კომპანიებს, ანუ ჩინეთის ეროვნულ ჩემპიონებს კი, ძირითადად, ანტიმონოპოლიურ კანონი არ ეხებათ და ისინი მთავრობის მხრიდან იმუნიტეტითა თუ დაფინანსებითაც კი სარგებლობენ. 

გარდა კანონმდებლობისა, ჩინეთი საფინანსო ტექნოლოგიური ბაზრის შეზღუდვასაც აქტიურად ცდილობს, კერძოდ, ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სავარაუდოდ, Alibaba-ს Alipay და Tencent-ის WeChat Pay იქნება. 

კომენტარები