კორონავირუსი საქართველოში

რა საკითხები განიხილეს საკოორდინაციო საბჭოზე – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, რა საკითხები განიხილეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე. 

"დღეს სერიოზული მსჯელობა იყო. დავაყენეთ რამდენიმე საკითხი - პირველი არის აცრების ინტენსიფიცირება, გუშინ 24 საათში გვქონდა ყველაზე მაღალი - დაახლოებით, 13 800 აცრა, დღესაც დაგეგმილია 14 300-მდე აცრა. აქედან 55% მოდის Pfizer-ზე, მეორე ადგილზეა Sinopharm-ი, შემდეგ AstraZeneca და შემდეგ Sinovac-ი". – ამბობს გამყრელიძე. 

მისივე სიტყვებით, საბჭოზე განიხილეს დახურულ და ღია სივრცეებში, იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან, "პირბადის მაქსიმალურად ტარების" საკითხი

"ახლა წინასაარჩევნო პერიოდი იქნება - აუცილებელი იქნება პირბადის ღია სივრცეშიც ტარება. 

მთავარი, ყველაზე დიდი ბუსტერები რაც გვაქვს - დიდი თავშეყრების სრულად აკრძალვა - ქელეხი, ქორწილი, წვეულება, კონცერტები, ეს ყველაფერი უნდა იყოს შესაბამისად პრევენტირებული". – ამბობს გამყრელიძე, 

მისივე თქმით, აუცილებელი იქნება საზღვრებზე დამატებითი, განსაკუთრებული კონტროლი, რათა ნაკლებად შემოვიდნენ "საეჭვო ინფიცირებული ადამიანები'. 

 "რაც მთავარია, აქ, ადგილზე მეტი ადგილის მობილიზირება, განსაკუთრებით, სასტუმროებში. დღეს კიდევ სხვა დავალებები გაიცა საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომ მობილიზირებული იქნეს შესაბამისი ოთახების რაოდენობა, რათა ადამიანები, როგორც ინფიცირებული, ისე მათთან კონტაქტში [მყოფი], ვისაც არ აქვს სახლში იზოლირების პირობები, გადაყვანილი იყვნენ და სახელმწიფომ იზრუნოს მათ იზოლირებაზე, რათა გადაცემის ჯაჭვი რაც შეიძლება მალე გაწყდეს". – ამბობს გამყრელიძე.

დღეს, 27 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 42 235 ტესტი და დადასტურდა 3 666 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 335 ადამიანი. დღიური დადებითობა 8.68%-ია, ბოლო 7 დღის - 6.71%, ბოლო 14 დღის კი - 6.03%.  

27 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 407 689 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 376 088 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 731 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 25 844 აქტიური შემთხვევაა. 

კომენტარები