კორონავირუსის წარმოშობა

ჩინეთი COVID-19-ის წარმოშობის დადგენისთვის გამოძიების მეორე ფაზის წინააღმდეგია

უხანი, უხანის ლაბორატორია
Thomas Peter/Reuters

ჩინეთმა უარი თქვა, ჯანმოს გეგმაზე, დაწყებულიყო კორონავირუსის წარმოშობის დადგენისთვის გამოძიების მეორე ფაზა. გამოძიების ერთ-ერთი მიზანია, გამოიკვლიოს ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც კორონავირუსი, შესაძლოა, ლაბორატორიიდან გავრცელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვლევების მეორე ფაზის დაწყება უხანში ლაბორატორიების და ბაზრების შემოწმება ივლისში მოითხოვა.

"ჩვენ არ მივიღებთ წარმოშობის გამოკვლევის ასეთ გეგმას, რომელიც გარკვეულ ასპეკტში საღ აზრს და მეცნიერებას ეწინააღმდეგება" – თქვა წენგ ისინმა, ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ვიცეთავმჯდომარემ.

ჯანმოს დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, Covid-19-ის წარმოშობის გამოძიებას აფერხებდა ინფექციის გავრცელების ადრეული ეტაპის შესახებ მონაცემების ნაკლებობა.

წენგმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მონაცემების გარკვეული ნაწილის სრულად გაზიარება კონფიდენციალურობის გამო შეუძლებელი იყო.

"იმედი გვაქვს, რომ ჯანმო სერიოზულად განიხილავს ჩინეთის ექსპერტების რჩევებს და Covid-19-ის წარმოშობის გამოძიებას მიუდგება როგორც სამეცნიერო საკითხს და შეწყვეტს პოლიტიკურ ჩარევას" – თქვა წენგმა.

ვირუსის წარმოშობა ექსპერტთა შორის დავის საგანია. აღსანიშნავია, რომ გამოძიების მეორე ფაზის დაწყებისკენ ჯანმოს აშშ-ც მოუწოდებდა. 27 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სამსახურებს Covid-19-ის წარმოშობის გამოძიება დაავალა. მათ შორის იმ თეორიის გამოკვლევა, რომ ვირუსი ჩინეთში ლაბორატორიაში წარმოიშვა.


2019 წელს ჩინეთის ქალაქ უხანში Covid-19-ის შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, მსოფლიოში ინფექციის 168 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

2021 წლის თავდაპირველად, თებერვალში უხანში ჯანმო-ს ჯგუფის თითქმის ერთთვიანი ვიზიტის შემდეგ ჯანმო-ს ჯგუფის ხელმძღვანელმა, პიტერ ბენ ემბარეკმა, განაცხადა, რომ ვირუსის სავარაუდო წყაროდ კვლავ ღამურა რჩება, მან ისიც აღნიშნა, რომ ვირუსის გადაცემა გაყინული საკვებით ვარაუდია, რომელიც შემდგომ უნდა გამოიძიონ, ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ალბათობაზე კი თქვა, რომ ეს ძალზე ნაკლებად სავარაუდოა და ამის შემდგომი შესწავლა საჭირო არ არის. 

"შესაძლო გზა ცხოველთა ორიგინალური სახეობებიდან ხუნანის ბაზრობამდე შეიძლება ძალიან გრძელი და მიხვეულ-მოხვეული ყოფილიყო და ის საზღვრებს მიღმა გადაადგილებასაც მოიცავდეს". - თქვა მან. 

ჩინეთი ხშირად უსვამს ხაზს მოსაზრებას, რომ ვირუსი, შესაძლოა, გაყინული საკვებიდან ადამიანზე გადასულიყო და განუწყვეტლივ აშუქებენ სიახლეებს იმპორტირებული საკვების შეფუთვიდან კორონავირუსის კვალის პოვნის შესახებ.

მოგვიანებით, თებერვალში ჯანმო-ს მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც კოვიდ-19-ის წარმოშობასა და გავრცელების დეტალებს იკვლევს, დაადგინა, რომ ჩინეთში, ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში კოვიდ-19-ის გავრცელების მაჩვენებელი იმაზე დიდი იყო, ვიდრე აქამდე ეგონათ. ასევე, მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, 2019 წლის დეკემბერში, ამ ქალაქში, ვირუსის 13-მდე შტამი არსებობდა.

მკვლევართა ჯგუფი ჩინეთს სთხოვდა, დაუყოვნებლივ გადაეცა ასიათასობით სისხლის ნიმუში, რომელთა გაზიარებაზეც მთავრობამ უარი თქვა. 

“ვირუსი უხანში დეკემბერში ფართოდ ვრცელდებოდა, რაც ახალი აღმოჩენაა”. - თქვა ბენ ემბარეკმა, ჯანმო-ს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, CNN-თან რეპორტაჟის დროს.

მკვლევართა ჯგუფმა ასევე თქვა, რომ ჩინელმა მეცნიერებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში კოვიდ-19-ის დაფიქსირების 174 შემთხვევის შესახებ. აქედან 100 შემთხვევა ლაბორატორიულად იყო დამტკიცებული, 74 კი დიაგნოსტიკურად, პაციენტთა სიმპტომებზე დაყრდნობით. თუკი 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში კოვიდ-19-ის 174-მდე შემთხვევა უკვე არსებობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თვის მეორე ნახევარში უკვე 1000-ზე მეტი ინფიცირებული იქნებოდა.

ამასთან ერთად, ჩინეთმა უარი განაცხადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მიეწოდებინა პირველადი მონაცემები ადრეულ Covid-19-ის შემთხვევებზე.

"ჩინეთის ხელისუფლებამ უარი თქვა Covid-19-ის 174 შემთხვევის ისეთი მონაცემების მიწოდებაზე, რომლებიც მათ 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში დაადგინეს [ვირუსის] გავრცელების ადრეული ეტაპიდან". - წერს WSJ. 

CNN-ისა და The Wall Street Journal-ის ცნობებით, რომლებიც აშშ-ს დაზვერვის ანგარიშს ეყრდნობა, 2019 წლის ნოემბერში, COVID-19-ის გავრცელებამდე, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის 3 მკვლევარი მძიმედ დაავადდა და მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

30 მარტს COVID-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებული ჯანმოს მიერ შედგენილი კვლევა გამოქვეყნდა, მაგრამ ნაშრომმა სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებისგან კრიტიკული შეფასებები მიიღო, რადგან ის ბევრად უფრო კონკრეტული უნდა ყოფილიყო. კვლევა გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო გააკრიტიკეს. 

14 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში გამოთქმული იყო წუხილი მეცნიერთა ჯგუფისთვის ორიგინალურ ინფორმაციასთან და საკვლევ ობიექტებთან შეზღუდული წვდომის გამო. ამ 14 ქვეყანაში შედიოდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ლიტვა, ლატვია, ნორვეგია და სლოვენია. ქვეყნები დამოუკიდებელი და გამჭვირვალე კვლევის ჩატარებას ითხოვდნენ.

იგივე წუხილი გამოთქვა ევროკავშირმაც. 

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა აღიარა, რომ საკვლევ მასალასთან ჩინეთის მხრიდან შეზღუდული წვდომა ჰქონდათ. უხანში გაგზავნილ მკვლევართა ჯგუფს საკვლევ სისხლის ნიმუშებსა და სხვა მასალას ჩინეთის მთავრობა შერჩევითი პრინციპით აწვდიდა.

შეგახსენებთ, რომ არსებული ცნობებით, ახალი კორონავირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ უხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო, თუმცა ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა, ახშობდა, ექიმებს აჩუმებდა და ა.შ.

აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, გასული წლის მაისში თქვა, რომ მრავალი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში უხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა.

კომენტარები