აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სამსახურებს Covid-19-ის წარმოშობის გამოძიება დაავალა. მათ შორის იმ თეორიის გამოკვლევა, რომ ვირუსი ჩინეთში ლაბორატორიაში წარმოიშვა.
ბაიდენის თქმით, სადაზვერვო სამსახურების აზრი ორად იყო გაყოფილი საკითხზე, ვირუსი ლაბორატორიაში წარმოშვა, თუ ის ადამიანისა და ინფიცირებული ცხოველის კონტაქტის შედეგად გავრცელდა.
ბაიდენმა ანგარიშის მოსამზადებლად სადაზვერვო სამსახურებს 90 დღე მისცა.
ჩინეთი ვირუსის ლაბორატორიაში წარმოშობის თეორიას უარყოფს.
2019 წელს ჩინეთის ქალაქ უხანში Covid-19-ის შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, მსოფლიოში ინფექციის 168 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევები უხანში ზღვის პროდუქტების ბაზართან აკავშირებენ, რის საფუძველზეც მეცნიერები თვლიან, რომ ვირუსი ცხოველისგან ადამიანზე გავრცელდა.
2021 წლის თებერვალში ჯანმო-ს მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც კოვიდ-19-ის წარმოშობასა და გავრცელების დეტალებს იკვლევს, დაადგინა, რომ ჩინეთში, ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში კოვიდ-19-ის გავრცელების მაჩვენებელი იმაზე დიდი იყო, ვიდრე აქამდე ეგონათ. ასევე, მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, 2019 წლის დეკემბერში, ამ ქალაქში, ვირუსის 13-მდე შტამი არსებობდა.
მკვლევართა ჯგუფი ჩინეთს სთხოვდა, დაუყოვნებლივ გადაეცა ასიათასობით სისხლის ნიმუში, რომელთა გაზიარებაზეც მთავრობამ უარი თქვა.
“ვირუსი უხანში დეკემბერში ფართოდ ვრცელდებოდა, რაც ახალი აღმოჩენაა”. - თქვა ბენ ემბარეკმა, ჯანმო-ს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, CNN-თან რეპორტაჟის დროს.
მკვლევართა ჯგუფმა ასევე თქვა, რომ ჩინელმა მეცნიერებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში კოვიდ-19-ის დაფიქსირების 174 შემთხვევის შესახებ. აქედან 100 შემთხვევა ლაბორატორიულად იყო დამტკიცებული, 74 კი დიაგნოსტიკურად, პაციენტთა სიმპტომებზე დაყრდნობით. თუკი 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში კოვიდ-19-ის 174-მდე შემთხვევა უკვე არსებობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თვის მეორე ნახევარში უკვე 1000-ზე მეტი ინფიცირებული იქნებოდა.
CNN-ისა და The Wall Street Journal-ის ცნობებით, რომლებიც აშშ-ს დაზვერვის ანგარიშს ეყრდნობა, 2019 წლის ნოემბერში, COVID-19-ის გავრცელებამდე, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის 3 მკვლევარი მძიმედ დაავადდა და მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო
30 მარტს COVID-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებული ჯანმოს მიერ შედგენილი კვლევა გამოქვეყნდა, მაგრამ ნაშრომმა სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებისგან კრიტიკული შეფასებები მიიღო, რადგან ის ბევრად უფრო კონკრეტული უნდა ყოფილიყო. კვლევა გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო გააკრიტიკეს.
14 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში გამოთქმული იყო წუხილი მეცნიერთა ჯგუფისთვის ორიგინალურ ინფორმაციასთან და საკვლევ ობიექტებთან შეზღუდული წვდომის გამო. ამ 14 ქვეყანაში შედიოდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ლიტვა, ლატვია, ნორვეგია და სლოვენია. ქვეყნები დამოუკიდებელი და გამჭვირვალე კვლევის ჩატარებას ითხოვდნენ.
იგივე წუხილი გამოთქვა ევროკავშირმაც.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა აღიარა, რომ საკვლევ მასალასთან ჩინეთის მხრიდან შეზღუდული წვდომა ჰქონდათ. უხანში გაგზავნილ მკვლევართა ჯგუფს საკვლევ სისხლის ნიმუშებსა და სხვა მასალას ჩინეთის მთავრობა შერჩევითი პრინციპით აწვდიდა.
COVID-19-ის წარმომავლობასთან დაკავშირებული კვლევა გრძელდება.