კორონავირუსის წარმოშობა

აშშ-ს დაზვერვა: კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღის დანიშნულებით არ შექმნილა

შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებმა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მორიგი დასკვნა გამოაქვეყნეს, რომელშიც დადასტურებული პასუხი კვლავ არ გვხვდება. 

სააგენტო, რომელიც ქვეყნის 18 სადაზვერვო ორგანოს აერთიანებს, ორ სავარაუდო ვერსიაზე საუბრობს: ვირუსი ან ბუნებრივად წარმოიშვა, ან უხანის ლაბორატორიებში. მიუხედავად კონკრეტული პასუხის არარსებობისა, სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ვირუსი ბიოლოგიური იარაღის დანიშნულებით ნამდვილად არავის შეუქმნია. 

მაშინ, როცა ექსპერტები პირველადი გავრცელების წყაროს შესახებ ინფორმაციის მოპოვების სირთულესა და შეუძლებლობაზე საუბრობენ, ჩინური მხარე დასკვნას უარყოფს და ანტიმეცნიერულს უწოდებს. 

დასკვნის მიხედვით, 18-დან რამდენიმე სადაზვერვო სააგენტოს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ვირუსი ადამიანებში ინფიცირებულ ცხოველთან შეხებით გავრცელდა, თუმცა, მათივე თქმით, "რწმუნების დონე დაბალია".

ერთ-ერთი სააგენტოს მიხედვით კი ვირუსი არა ბუნებას, არამედ "უხანის ვირუსოლოგიურ ლაბორატორიასთან ასოცირებულ შემთხვევას" უკავშირდება. მათი თქმით, ვერსიის სისწორეში "ზომიერად დარწმუნებულები" არიან. 

რაც შეეხება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას, მათ მიერ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ვირუსი "უდიდესი ალბათობით" სველ ბაზარში, ცხოველიდან ადამიანზე გავრცელდა. 

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ჩინეთის მთავრობას ვირუსის პირველწყაროს დასადგენად ყველა საჭირო რესურსი და ინფორმაცია აქვს, თუმცა პანდემიის პირველივე დღეებიდან, ისინი აქტიურად ცდილობენ ამ ყველაფრის დამალვას.

"მსოფლიო პასუხებს იმსახურებს და არ მოვისვენებ, სანამ მათ არ მოვიპოვებ" – დასძინა ბაიდენმა.

კორონავირუსის პანდემიამ 2019 წლიდან დღემდე 4.5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 

კომენტარები