სასამართლო სისტემა

ევროკომისია უზენაეს მოსამართლეებზე: დანიშვნები 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება

europa.eu

ევროკომისიის პრესსპიკერმა გაავრცელა განცხადება უზენაესი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით. 

პრესსპიკერის თქმით, დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს და ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართ ერთგულების დამტკიცების დაკარგული შესაძლებლობა.

"ორშაბათს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვს მოსამართლეს, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა, მომხდარიყო დანიშვნის პროცესში პაუზის გაკეთება და ამ პროცესის გადახედვა, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით.

დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად, უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე, მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

ამიტომ ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია.

ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე, რათა განიხილოს სასამართლო სისტემის რეფორმა და მომავალი ქმედებები ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში". – წერია განცხადებაში.


საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მოწოდებების მიუხედავად, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. დანიშნული მოსამართლეები არიან:

  • გოჩა აბუსერიძე – 79 მომხრე, 5 წინააღმდეგი 
  • გიორგი გოგიაშვილი – 79 მომხრე, 4 წინააღმდეგი
  • ლევან თევზაძე – 77 მომხრე, 6 წინააღმდეგი
  • რევაზ ნადარია  – 77 მომხრე, 6 წინააღმდეგი
  • ბიძინა სტურუა – 78 მომხრე, 6 წინააღმდეგი 
  • ლაშა ქოჩიაშვილი – 79 მომხრე, 5 წინააღმდეგი

პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს: ეკა ზარნაძეს, გიორგი შავლიაშვილს, ქეთევან მესხიშვილს.

განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციონერი დეპუტატების უმეტეს ნაწილს. 

9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები