მოსამართლეების დანიშვნა

კელი ღარიბაშვილზე: ამერიკელებმა ვიცით ისეთი ლიდერის საფრთხე, რომელიც საკუთარ ფაქტებს ქმნის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს ეხმაურება, რომ მას 2012 წლამდე სასამართლო სისტემაზე ამერიკისა და ევროპის კრიტიკა არ მოუსმენია. კელი ღარიბაშვილის ამ სიტყვებს ტყუილს უწოდებს და წერს, რომ ამერიკელებმა იციან იმ ლიდერების საფრთხე, რომლებიც საკუთარ ფაქტებს ქმნიან სიმართლისთვის თვალის გასწორების ნაცვლად. 

"სიმართლე არ არის. შეხედეთ ადამიანის უფლებების შესახებ მოხსენებას – იქ ყოველთვის იყო კრიტიკა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროინდელი სასამართლო ხელისუფლების შესახებ. აიღეთ 2011 წელი: "ტყუილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები", "პატიმრების სასტიკი მოპყრობა თანამდებობის პირების მხრიდან", "სასამართლო განაგრძობს მოქმედებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ".

ეს აშშ-ს კრიტიკის რამდენიმე მაგალითია სააკაშვილის სასამართლო სისტემის შესახებ. ქართველებმა უნდა იცოდნენ სიმართლე. ჩვენ, ამერიკელებმა, ვიცით ისეთი ლიდერის საფრთხე, რომელიც  ქმნის საკუთარ ფაქტებს, სიმართლისთვის თვალის გასწორების ნაცვლად". – წერს იან კელი Twitter-ზე.

17 ივლისს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს უსაყვედურა და თქვა, რომ 2012 წლამდე მას არც ამერიკის და არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს შესახებ არ მოუსმენია, მაშინ როდესაც, მისივე შეფასებით, სასამართლო პროკურატურის დანაყოფი იყო.


უზენაესი მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერების მოთხოვნის მიუხედავად, 12 ივლისს პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა. უზენაესი მოსამართლეების დანიშვნას აშშ-დან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ეს ქმედება დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ასევე, მოვლენები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყოფითად შეაფასა.

საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მოწოდებების მიუხედავად, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. დანიშნული მოსამართლეები არიან:

  • გოჩა აბუსერიძე
  • გიორგი გოგიაშვილი
  • ლევან თევზაძე
  • რევაზ ნადარაია
  • ბიძინა სტურუა
  • ლაშა ქოჩიაშვილი

პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს: ეკა ზარნაძეს, გიორგი შავლიაშვილს, ქეთევან მესხიშვილს.

განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციონერი დეპუტატების უმეტეს ნაწილს. 

9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები