მოსამართლეების დანიშვნა

SJC: დამაზიანებლად მივიჩნევთ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის დანიშვნას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის არჩევას გამოეხმაურა. კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" დამაზიანებლად მიიჩნევს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის  ერთპარტიულად დანიშვნას

"კოალიციის შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესები არსებითად პრობლემურია, რადგან არასაკმარისად არის დაზღვეული ამ პროცესზე შიდა და გარე გავლენების საფრთხეები. ამავდროულად, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს ერთპარტიულად, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე. შესაბამისად, ასეთ კონტექსტში უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 4 მოსამართლით დაკომპლექტება კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების სისტემისადმი ისედაც დეფიციტურ ნდობას". – წერია განცხადებაში

კოალიცია ასევე ასახელებს მიზეზებს, რის გამოც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა აღნიშნული კონკურსი განსაკუთრებით პრობლემური იყო:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი ზოგად უნდობლობას ზრდიდა ის გარემოებაც, რომ ამ დრომდე საბჭოში არ არის დანიშნული 5 არამოსამართლე წევრი. შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებდა მოსამართლე წევრთა სრული დომინაციით, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა კორპორატივიზმის და კლანურობის აღქმებს;
     
  • წარსული გამოცდილებების მსგავსად, კვალიფიკაციისა და პროფესიული კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით კანდიდატების შეფასების ნაცვლად, საბჭოში მიმდინარე პროცესი ტოვებდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას;
     
  • საკანონმდებლო ორგანოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები წარიმართა ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციების დაბალი მონაწილეობით, რისი მიზეზიც იყო ზოგადი რწმენის არარსებობა, რომ საპარლამენტო მოსმენები კანდიდატების რეალური უპირატესობებისა თუ ნაკლოვანებების გამოვლენას, მათი პროფესიული კრიტერიუმებით შეფასებას ემსახურებოდა;
     
  • საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო ფაქტობრივად ერთპარტიულად და კვლავაც, მოსამართლეთა კანდიდატების დანიშვნა არ ემყარებოდა ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს.


გუშინ, 1 დეკემბერს  პარლამენტმა უზენესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატი - ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე, უვადოდ დანიშნა. 


მხარდაჭერისათვის მოსამართლეებს 76 ხმა სჭირდებოდათ. კანდიდატების წინააღმდეგ მხოლოდ 5-მა დეპუტატმა მისცა ხმა.  

გენადი მაკარიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას 81 მომხრე და 5 წინააღმდეგი დეპუტატი ჰყავდა, ნინო სანდოძის - 80 მომხრე, 5 წინააღმდეგი, თამარ ოქროპირიძის - 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი, თეა ზიმისტარაშვილის კი - 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი.

უზენაესის მოსამართლეების დანიშვნის პროცესს 29 ნოემბერს გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანმა თქვა, რომ პროცესის გაგრძელებით "ძალიან იმედგაცრუებული" არიან. მანამდე, განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომაც. საელჩომ "მტკიცედ მოუწოდა" პარლამენტს, პრიორიტეტი მიენიჭებინა მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაესრულებინა რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერების მოწოდებების მიუხედავად, პირველ ჯერზე, 12 ივლისს პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა. უზენაესი მოსამართლეების დანიშვნას აშშ-დან კრიტიკა მოჰყვა. ეს ქმედება დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ასევე, მოვლენები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყოფითად შეაფასა.

9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაინიშნა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა,  სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

აშშ-ს ელჩმა იმედგაცრუება გამოხატა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო. მისი თქმით, დამაბნეველია, რატომ გრძელდება ეს პროცესი, როდესაც ქართველი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა, სასამართლო რეფორმა.

კომენტარები