ჟურნალისტებზე ძალადობა

"გადადგეს მკვლელი მთავრობა" – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს [LIVE]

ტაბულა

"გადადგეს მკვლელი მთავრობა". - ამ სახელწოდებით საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მოითხოვენ, გადადგეს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე, მათი მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა და 5 ივლისის საქმეზე მოძალადე ორკებისა და ძალადობისკენ მომწოდებლების დასჯა. 

"რუსთაველი უკვე გადაიკეტა. არაერთი ვიდეომასალა და გამომსვლელი გველოდება. ვერ შევეგუებით, დღეს კიდევ ერთხელ გავაგონებთ ყველას ჩვენს ხმას. რუსთაველიდან გავაგონებთ ჩვენს ხმას ხელისუფლებას, ე.წ. პრემიერმინისტრს და მთელ მსოფლიოს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომელთანაც ხელისუფლება დაპირისპირებაში შევიდა. ეს დამღუპველია, ჩვენ გვაქვს ორი - ან დასავლური, ან რუსული გზა. ჩვენ ვირჩევთ დასავლურ გზას". - თქვა ფორმულას ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება.   

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

კომენტარები