ჟურნალისტებზე ძალადობა

მდინარაძე კრიტიკულ არხებზე: ჟურნალისტებად ვერ განვიხილავთ, შესაბამისად ვიქცევით

ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე კრიტიკულ მედიას მიმართავს, რომ, სანამ ისინი არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, ხელისუფლებისგან შესაბამის პასუხს მიიღებენ:

"1. დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან.

2. ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფორმანსებს.

3. შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით:

მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს. შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!" - წერს მამუკა მდინარაძე.

მთავარი არხი, ფორმულა, TV პირველი და ტვ.კავკასია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ღონისძიებაზე არ მიიწვიეს.  ღარიბაშვილმა დღეს "ჯარის ქალაქის" მშენებლობა დაათვალიერა და შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, თუმცა, ადგილზე მხოლოდ რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის და POSTV-ს წარმომადგენლები იყვნენ.  

აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე, დღეს, 17 ივლისს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ "ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ".  მან მედიის პროტესტი  კვლავ სააკაშვილისა და მისი რადიკალური ჯგუფის სპეკულაციად მოიხსენია

კომენტარები