ჟურნალისტებზე ძალადობა

ღარიბაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის საშუალება

რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური აქცია, პოლიტიკური აქტი. მე მინდა, მოგისამძიმროთ ყველას თქვენი კოლეგის გარდაცვალება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ ძალიან დიდი ამორალური საქციელია სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება საზოგადოებაზე. სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა – ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. ყველა, ვინც ახლა არის გაერთიანებული მის გარშემო, რა თქმა უნდა, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც უკვე პირდაპირ არის ჩაბმული ამ პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს რა თქმა უნდა არ აისახება კარგად მედიაგარემოზე, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება. ამისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგებით არის მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ წინ და ჩვენთან მედიათავისუფლება არის გარანტირებული. ჩვენთან 2 კვირის ფარგლებში ნებისმიერ ადამიან შეუძლია გახსნას ტელევიზია და მედიამ დაიწყოს ოპერირება საქართველოში.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.  ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები.  

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა

 

კომენტარები