ჟურნალისტებზე ძალადობა

"გადაკვეთეს ყველა წითელი ხაზი" – ღარიბაშვილის ღონისძიებაზე კრიტიკული არხები არ მიიწვიეს

ირაკლი ღარიბაშვილი

მთავარი არხი, ფორმულა, TV პირველი და ტვ.კავკასია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ღონისძიებაზე არ მიიწვიეს.  ღარიბაშვილმა დღეს "ჯარის ქალაქის" მშენებლობა დაათვალიერა და შემდეგ მედიისთვის კომენტარი გააკეთა, თუმცა, ადგილზე მხოლოდ რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის და POSTV-ს წარმომადგენლები იყვნენ. 

ტაბულა მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა კითხვით, თუ რატომ არ მიიწვიეს ტელევიზიები ღონისძიებაზე. უწყების განმარტებით,  აღნიშნულ ტელევიზიებს "არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიჰყვებიან".

"პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის,  რომ მთავარმა არხმა, TV პირველმა და ფორმულამ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერმინისტრის წინააღმდეგ. 

შესაბამისად, ამ მიზეზით  დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების  მოწვევა ღონისძიებაზე".- აცხადებს მთავრობის პრესსამსახური. 

აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე, დღეს, 17 ივლისს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ "ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ".  მან მედიის პროტესტი  კვლავ სააკაშვილისა და მისი რადიკალური ჯგუფის სპეკულაციად მოიხსენია


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები.  

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. მას შემდეგ მედიის პროტესტი არ წყდება. მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ და სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ პროტესტს.  ისინი პრემიერმინისტრის გადადგომას და მოძალადეების დასჯას ითხოვენ. 

კომენტარები