პრაიდის კვირეული

დააკავეს 8 ორკი – მათ ჟურნალისტებს სცემეს და TBILISI PRIDE-ის ოფისი დაარბიეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს თბილისი პრაიდის კონტრაქციის მონაწილე კიდევ 5 პუტინისტი ორკი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულია ასევე 3 ორკი, რომლებიც თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს.

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე დაკავებულია: 1993 წელს დაბადებული ო.გ. 1991 წელს დაბადებული ც.ჩ. 1987 წელს დაბადებული ბ.მ., 1990 წელს დაბადებული მ.დ. 1997 წელს დაბადებული თ.გ.

თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვის დააკავეს – 1992 წელს დაბადებულ გ.ე.-ს, 1998 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ა.-სა და 1992 წელს დაბადებულ გ.ო. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, დევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე თბილისი პრაიდის კონტრაქციაზე ბრალდებულმა ო.გ.-მ და ც.ჩ.-მ ორგანიზაცია სირცხვილიას ოფისში, ტელეკომპანია ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რაც შეეხება კიდევ სამ ბრალდებულს – ბ.მ.-მ, მ.დ.-მ და თ.გ.-მ იმავე დღეს თაბუკაშვილის და ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე ტელეკომპანია პირველის ოპერატორს და ინტერპრესნიუსის ფოტოგრაფს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამივე მათგანი დაკავებულია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ასევე, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულებმა – გ.ე.-მ, ა.ა.-მ და გ.ო.-მ 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ოფისის მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწიეს ოფისის აივანზე, რასაც მოჰყვა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება. დაკავებული პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა
მოძალადე პირთა დადგენის და დაკავების მიზნით
". – წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე სულ 15 პირია დაკავებული, მათ შორის პუტინისტური დაჯგუფების წევრი, რომელმაც ტაბულას ჟურნალისტს კეტი ჩაარტყა. პუტინისტმა "ორკებმა" 5 ივლისს ფიზიკურად 55 ადამიანზე იძალადეს, აქედან 53 - მედიის წარმომადგენელია.


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში.

კომენტარები