პრაიდის კვირეული

"შეკრება-გამოხატვის თავისუფლების დაცვა მთავრობის ამოცანაა" – EU-ს საგარეო სამსახური

პიტერ სტანო
belsat.eu

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ამბობს, რომ მიუღებელია 5 ივლისს განვითარებული მოვლენები, როგორიცაა სამოქალაქო აქტივისტებზე, უმცირესობების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმა. 

პიტერ სტანოს თქმით, სამართალდამცავი ორგანოები პასუხისმგებლები არიან, რომ გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემო უზრუნველყონ, განსაკუთრებით კი ეს ისეთ სახელმწიფოებს ეხება, რომელიც ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირს ცდილობს. 

"საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, უმცირესობათა წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმა მიუღებელია. ადამიანის მიერ გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა და დაცვა ნებისმიერი მთავრობის ამოცანაა დემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთში, რომელიც ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირებისთვის იღვწის. 

სამართალდამცავი ორგანოები პასუხისმგებელნი არიან ამ უფლებებისთვის უსაფრთხო და დაცული  გარემოს უზრუნველყოფაზე, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებისთვის. ძალადობის აქტები სწრაფად და საფუძვლიანად იქნეს გამოძიებული. 

დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა გადის თანასწორობის პრინციპის დაცვაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით არის განმტკიცებული. საქართველომ უნდა გააძლიეროს ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, გენდერული და სექსუალური ორიენტაციის ჩათვლით და უკეთ დაიცვას LGBTIQ ჯგუფების უფლებები. ეს პრინციპები ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში". – წერია განცხადებაში. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე დაუსჯელად იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში.

კომენტარები