პრაიდის კვირეული

ბრიტანელი პარლამენტარი ღარიბაშვილს ღირსების მარშზე დოკუმენტური ფილმის ნახვას ურჩევს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, მარტინ დოჩერი-ჰიუსი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 2019 წლის ღირსების მარშზე გადაღებულ დოკუმენტური ფილმის ნახვას ურჩევს.

"როგორც თემთა პალატის წევრი და თავდაცვის კომიტეტის წევრი, ღარიბაშვილს ვთხოვდი, [ღირსების მარშზე დოკუმენტურის] უყუროს. დემოკრატიას სჭირდება მრავალფეროვნება და ადამიანის უფლებები". - წერს პარლამენტარი Twitter-ზე და ღირსების მარშის დოკუმენტურის ტრეილერს აზიარებს.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივნისს მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია. 

"მე ვფიქრობ, ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას. მე ეს პარლამენტში ჩემს გამოსვლაშიც განვმარტე. როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა განსხვავებულობაზე, მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ამ ადამიანების დისკრიმინაცია". –თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.


დღეს, 5 ივნისს ღირსების მარშის კონტრაქციის მონაწილეებმა, პუტინისტურმა ჯგუფებმა, პარლმენტთან ოპოზიციის კარვები დაარბიეს. პუტინისტურმა ჯგუფებმა, მოძრაობა სირცხვილიას ოფისს ალყა შემოარტყეს, ჩალეწილია შენობის მინები.

ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმიან ჟურნალისტებს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პუტინისტური ჯგუფის წევრებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დროშის მაგივრად ჯვარი აღმართეს.

პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ისინი 13:00 და 17:00 საათზე პარაკლისის გამართვას აპირებენ. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვებიც გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კომენტარები