პრაიდის კვირეული

პუტინისტურმა ჯგუფებმა სირცხვილიას ოფისს ალყა შემოარტყეს

მინდია გაბაძე / პუბლიკა

ღირსების მარშის კონტრაქციის მონაწილეებმა, პუტინისტურმა ჯგუფებმა, მოძრაობა სირცხვილიას ოფისს ალყა შემოარტყეს, ჩალეწილია შენობის მინები.

ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებზე ძალადობას განაგრძობენ. TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან მყოფ გადამღებ ჯგუფს პუტინისტური ჯგუფები დაუპირისპირდნენ. სასტიკად ნაცემია ტელეკომპანიის ოპერატორი და დამტვრეულია აპარატურა.

პარლამენტის წინ ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ისინი 13:00 და 17:00 საათზე პარაკლისის გამართვას აპირებენ. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვებიც გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

 

კომენტარები