პრაიდის კვირეული

მეუფე სტეფანე PRIDE-ზე: ელჩი რამეს იტყვის, ჭეშმარიტებაა და ღმერთი რასაც ამბობს, არაფერი

მიტროპოლიტი სტეფანე
ერთსულოვნება

"ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას"- ამბობს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე თბილისი პრაიდთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, "ეს არის ცოდვის მონობაში მყოფი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც მხარს უჭერს გარკვეული საერთაშორისო მაფია". მისივე თქმით, ლიბერალიზმი ბოროტებისგან შემოსულია. 

"ამბობენ, გაივლიან-გამოივლიან და რა მოხდაო. დადიხარ-გამოდიხარ, მაგრამ რა საჭიროა ამდენი ყვირილი კივილი წივილი, მე უნდა გავიარო. რა უნდა ელჩს საქართველოში, გარკვეული აქცია რომ ტარდება, იმ აქციის მხარდამჭერებში რატომ უნდა იყოს. თუ ელჩი სადმე რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი რასაც ამბობს, ის არაფერი არ არის. ჩვენ პირიქით ვამბობთ, ის ელჩი არაფერი არაა, მოკვდება და ნახავს, სად იქნება" - ამბობს მეუფე სტეფანე და აკრიტიკებს იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ღირსების მარშს უერთდებიან. - "არ გცნობთ და თქვენი იქ ყოფნა, გინდა გირჩებივით იჩხრიალეთ, გინდა იყვირეთ და გინდა ევროპული საქართველო იყავით და გინდა შარლ მიშელის ჯგუფი, ვინც გინდა იყავი, საქართველოს ჯგუფი არ ხარ".

საქართველოს საპატრიარქო ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქციას გეგმავს და ბავშვებიც გამოჰყავს

"ამა წლის 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავს მოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

 

კომენტარები