პრაიდის კვირეული

ღავთაძე: ღმერთის სახელით ძალადობაა გარყვნილებაც, მკრეხელობაც და ცოდვაც

მაკო ღავთაძე
ტაბულა

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენელი, მაკო ღავთაძე რელიგიურ ორგანიზაციებს მიმართავს და ამბობს, რომ ყოველთვის იცავდა და დაიცავს, როცა მათ უფლებებს დაარღვევენ, მაგრამ არ გაჩუმდება, თუ ისინი მხარს დაუჭერენ "საპატრიარქოს და სხვა ექსტრემისტი ჯგუფების დაგეგმილ ძალადობას ადამიანებზე.

"ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც საპატრიარქო ისტორიულ ქონებას წაგართმევთ, როდესაც რელიგიურ ნაგებობას არ აგაშენებინებენ, როცა საჯარო შეკრებას დაგიშლიან, როცა ლოცვის უფლებას არ მოგცემენ, როცა შობის აღნიშვნის შესაძლებლობას წაგართმევენ, როცა ამბიონებიდან ანტისემიტიზმს გადმოანთხევენ, როცა სკოლებში ბავშვებს დაჩაგრავენ მათი რწმენის გამო, როცა სცემენ, როცა ნებისმიერ თქვენს უფლებას დაარღვევენ, ვიყავი და ვიქნები თქვენ გვერდით, მაგრამ არც იმაზე გავჩუმდები, თუ რაიმე ფორმით მხარს დაუჭერთ ან ხელს შეუწყობთ საპატრიარქოს და სხვა ექსტრემისტი ჯგუფების მიერ დაგეგმილ ძალადობას ადამიანებზე. ღმერთის სახელით ძალადობაა გარყვნილებაც, მკრეხელობაც და ცოდვაც." – წერს ღავთაძე Facebook-ზე.

დღეს, 4 ივლისს თბილისის დიდმა სინაგოგამ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას პრაიდის ჩატარება. თბილისის დიდი სინაგოგა ასევე მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს და სთხოვს, "ამ ღონისძიების მხარდაჭერით ნუ გაუცრუებს საქართველოს მოსახლეობას იმ დიდ იმედს რაც საქართველოს დასავლურ ორიენტაციასთან არის დაკავშირებული".

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს, ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქცია იგეგმება, ამის შესახებ საპატრიარქოს ახალ განცხადებაში წერია. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კომენტარები