HMS Defender-ის ინციდენტი შავ ზღვაში

პუტინი DEFENDER-ზე: რომც ჩაგვეძირა, მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყებოდა

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში წამყვანებმა დაუსვეს კითხვა ბრიტანული ხომალდი HMS Defender-ის შემთხვევის შესახებ. 

"რომც ჩაგვეძირა, მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყებოდა. ომში არ ჩაერთვებოდნენ, რადგან ვინც ამას აკეთებს იციან, რომ ვერ გაიმარჯვებენ". – თქვა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ეთერში. 

ასევე, ვლადიმირ პუტინმა შემთხვევას პროვოკაცია უწოდა და მასში მონაწილეობაში ამერიკელებიც დაადანაშაულა.

23 ივნისს შავ ზღვაში ბრიტანეთის სამეფო გამანადგურებელ ხომალდს, HMS Defender-ს რუსული საზღვაო ძალების გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ასევე, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა გემის წინ ბომბები ჩამოყარა. ბრიტანული გემი, რუსეთის თავდაცვის ძალების თქმით, რუსეთის წყლებში 3 კილომეტრის სიღრმეში შევიდა.

ბრიტანეთის თქმით, გამაფრთხილებელი გასროლა რუსეთის მხრიდან არ ყოფილა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, მათი გემი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვაო გზით მიდიოდა. უოლასმა ასევე დაამატა, რომ HMS Defender-ს გასასვლელ გზაზე პრობლემას უქმნიდნენ რუსული ხომალდები, რომლებიც ახლო რადიუსში ვარჯიშებს ატარებდნენ. 

რუსეთის მხარის თქმით, ინციდენტი ფიოლენტის კონცხთან, ოკუპირებული ყირიმის სანაპიროებთან ახლოს მოხდა. რუსული მედიის ცნობით, გამაფრთხილებელი ცეცხლი მოსკოვის დროით 12:06-12:08-ზე გახსნეს. მათივე თქმით, ბრიტანულმა ხომალდმა რუსეთის ფედერაციის საზღვაო საზღვრები 12:23-ზე დატოვა. 

რამდენიმე დღის წინ BBC-ის თქმით, ბრიტანეთში, ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს საიდუმლო დოკუმენტები HMS Defender-ის მარშრუტთან დაკავშირებით. ასევე, როგორც Telegraph-ი იუწყებოდა, გემის მარშრუტი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ იყო დამტკიცებული. HMS Defender-მა გაცურა წყლებში, რომელსაც ბრიტანეთი უკრაინის საკუთრებად აღიარებს. 

HMS Defender-ის გარდა, რუსეთს შავ ზღვაზე პროვოკაციის მოწყობაში ბრალი დასდო ნიდერლანდებმა. მათი თქმით, რუსული ავიაგამანადგურებლები 24 ივნისს, შავ ზღვაში ფრეგატი Evertsen-ის თავზე 5 საათის განმავლობაში თავდასხმის იმიტაციას ახორციელებდნენ. 

კომენტარები