HMS Defender-ის ინციდენტი შავ ზღვაში

BBC: საიდუმლო დოკუმენტები შავ ზღვაში შემოსულ ბრიტანულ გემზე ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს

HMS Defender ბათუმში
British Embassy Tbilisi

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შავ ზღვაში შემოსულ გემს HMS Defender-სა და ბრიტანეთის არმიას ეხება კენტში ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის ფლოტის ხომალდი HMS Defender-ი გუშინ, 26 ივნისს ბათუმის პორტში შემოვიდა. 

დოკუმენტების ნაწილში განხილულია, რა შესაძლო რეაქცია ექნება რუსეთს გემის კურსთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ყირიმის ახლოს ჩაივლიდა.

დოკუმენტებში ასევე განხილულია ავღანეთში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების განლაგებასთან დაკავშირებული გეგმები, მას შემდეგ რაც აშშ და ნატო-ს ძალები რეგიონს დატოვებს.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების თანახმად, დოკუმენტების დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, თანამშრომელმა ოფიციალურად განაცხადა მნიშვნელოვანი დოკუმენტების დაკარგვის შესახებ. სპიკერი აღნიშნავს, რომ მეტი ინფორმაციის გავრცელება მიზანშეწონილი არ იქნებოდა. 

BBC-ს ინფორმაციით, დოკუმენტები მოქალაქემ კენტში ავტობუსის გაჩერებაზე იპოვა და შინაარსთან გაცნობის შემდეგ BBC-ის დაუკავშირდა. გამოცემა მიიჩნევს, რომ დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის მისამართები და პრეზენტაციები თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ოფისმა მოამზადა.

როგორც გამოცემა წერს, HMS Defender-ის შავ ზღვაში გაგზავნა აღწერილია "უკრაინის ტერიტორიულ წყლებში უწყინარ" შესვლად. ოპერაცია იმ მოლოდინით ჩატარდა, რომ რუსეთს აგრესიული რეაქცია იქნებოდა.

უკრაინის ტერიტორიულ წყლებში შესვლის შემდეგ გემს თან მიჰყვებოდნენ რუსული ხომალდები. მოსკოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიტანულ ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას უარყოფს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება. 

BBC-ი წერს, რომ ოპერაცია Ditroite, აქტიური განხილვის საგანი იყო. დოკუმენტებში რუსეთის რეაქციის რამდენიმე შესაძლო ვარიანტია განხილული.

დოკუმენტებში განხილულია ორი მარშრუტი. ერთი შეფასებულია "უსაფრთხო და პროფესიული პირდაპირი ტრანზიტი ოდესიდან ბათუმში", რომელიც ასევე ყირიმის ახლოს გასვლას მოიცავდა. ეს კურსი ხელისუფლებას საშუალებას მისცემდა, გამოეხატა, რა საზღვაო ტერიტორიას მიიჩნევდა დიდი ბრიტანეთი უკრაინის ტერიტორიულ წყლებად. რუსეთის შესაძლო რეაქცია შეფასებული იყო სკალაზე "უსაფრთხო და პროფესიული" "არც უსაფრთხო და არც პროფესიული".

ალტერნატიული კურსით HMS Defender-ი ყირიმის ახლოს არსებულ ტერიტორიულ წყლებს არ გაივლიდა. 

დოკუმენტის თანახმად, ამ კურსით თავიდან იქნებოდა აცილებული დაპირისპირება რუსეთთან, მაგრამ არსებობდა რისკი, რომ გადაწყვეტილებას რუსეთი გამოიყენებდა და სიტუაციას ისე წარმოაჩენდა, თითქოს დიდ ბრიტანეთს ეშინია, ან გარბის. საშუალებას მისცემდა რუსეთს, გამოეცხადებინა, რომ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო რუსეთის პრეტენზიები ანექსირებული ყირიმის ტერიტორიულ წყლებზე.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, როგორც მოსალოდნელია, სამინისტრო ყურადღებით გეგმავს თავისი ნაბიჯებს და ოპერაციებთან დაკავშირებულ ყველა ფაქტორს ითვალისწინებს.

BBC წერს, რომ დოკუმენტები ადასტურებს, რომ HMS Defender-ის მისია იყო შავ ზღვაში დიდი ბრიტანეთის გათვლილი გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც, რისკის მიუხედავად, უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვა იყო.

კომენტარები