ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ცნობით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დომენიკ რააბი თავდაცვის სამინისტროს ხომალდი HMS Defender-ის მარშრუტის რუსეთის მიერ პროვოკაციულად გამოყენების საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. ინციდენტი შავ ზღვაში 23 ივნისს მოხდა.
Telegraph-ის ცნობით, გემის მარშრუტი წარადგინა თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა და დაამტკიცა პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა. ინსტრუქციები გემმა ორშაბათს, 21 ივნისს მიიღო.
როგორც ჩანს, მთავრობის განხილვებში შეფასებული იყო ის საფრთხე, რაც ხომალდის ამ მარშრუტს მოჰყვებოდა. ასევე, Telegraph-ის მიხედვით, ყველა მხარე ეთანხმებოდა ამ წყლებში გემის მშვიდობიანი გავლის უფლებას.
ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, რომელმაც კომენტარი Telegraph-თან გააკეთა, დავა თავდაცვის მინისტრ ბენ უოლასსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბს შორის მიმდინარეობდა და ამიტომაც გემის მარშრუტი დასამტკიცებლად პრემიერმინისტრს გადაეცა.
გემის მარშრუტთან დაკავშირებით, საერთო აზრის ქონის შთაბეჭდილებას ტოვებდა ბრიტანეთის მთავრობის სპიკერის ინციდენტთან დაკავშირებული სიტყვები.
"მარშრუტი დიდი ხნის დაგეგმილი იყო და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. მარშრუტი ძალიან პირდაპირი იყო, უკრაინასა და საქართველოს შორის საერთაშორისოდ აღიარებული გზის გავლით". – თქვა სპიკერმა.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გუშინ, 24 ივნისს, შავ ზღვაში, ანექსირებულ ყირიმთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
"რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებას არ ვაღიარებთ, ეს უკანონო იყო. ეს უკრაინული წყლებია და სავსებით გამართლებული იყო მისი ა-დან ბ წერტილში გადაადგილება" – ამბობს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.
შავ ზღვაში ბრიტანეთის სამეფო გამანადგურებელ ხომალდს, HMS Defender-ს რუსული საზღვაო ძალების გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ასევე, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა გემის წინ ბომბები ჩამოყარა. ბრიტანული გემი, რუსეთის თავდაცვის ძალების თქმით, რუსეთის წყლებში 3 კილომეტრის სიღრმეში შევიდა.
ბრიტანეთის თქმით, გამაფრთხილებელი გასროლა რუსეთის მხრიდან არ ყოფილა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, მათი გემი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვაო გზით მიდიოდა. უოლასმა ასევე დაამატა, რომ HMS Defender-ს გასასვლელ გზაზე პრობლემას უქმნიდნენ რუსული ხომალდები, რომლებიც ახლო რადიუსში ვარჯიშებს ატარებდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სასაუბროდ გამოიძახა ბრიტანეთის ელჩი, დებორა ბრონერტი.
რუსეთის მხარის თქმით, ინციდენტი ფიოლენტის კონცხთან, ოკუპირებული ყირიმის სანაპიროებთან ახლოს მოხდა. რუსული მედიის ცნობით, გამაფრთხილებელი ცეცხლი მოსკოვის დროით 12:06-12:08-ზე გახსნეს. მათივე თქმით, ბრიტანულმა ხომალდმა რუსეთის ფედერაციის საზღვაო საზღვრები 12:23-ზე დატოვა.
შემთხვევას მოჰყვა რუსეთის მუქარაც.